ტიკარაძე – არჩევნებზე: "გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები"
27/08/2021 07:47:24 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება, თუ ცესკო, პარტიები და მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნებზე გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები:
"ჩვენ ვთვლით, რომ გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა და გარკვეული შეხვედრები, რომელიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება".
ამასთან, მისი თქმით, ოქტომბრისთვის ინფიცირებულთა რიცხვი უნდა შემცირდეს:
"იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად ინფიცირებულთა კლებას. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ნამდვილად უსაფრთხო იქნება".
არჩევნების გადადების ინიციატივით პირველად სახალხო დამცველი გამოვიდა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. ომბუდსმენს ეთანხმება ოპოზიციის ნაწილიც. "ქართულ ოცნებაში" არჩევნების გადადების იდეას არ იზიარებენ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.


