მედია: ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმას უერთდება
27/08/2021 16:32:46 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმას „მესამე ძალას“ უერთდება,– იუწყება „ფორმულა“.
არხის ცნობით, „მესამე ძალაში“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად იქნება რესპუბლიკური პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“ და პატია „რეფორმერი“.
„როდესაც მთავარი მიზანი და მთავარი ინსტრუმენტები შეთანხმებულია, დეტალებში შესაძლოა, უზარმაზარი განსხვავება იყოს. არის ადამიანი, რომელთან ერთადაც მე ფრაქციაში ვიმყოფები და წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, რომლის პოზიციასაც ქართულ ეკლესიაზე ვერ დავეთანხმები, მაგრამ როდესაც რაღაც ამოცანებია გადასაჭრელი, ერთად ვიქნებით. თუ მერე იმ დეტალებზე შედგა შეთანხმება, გზას ერთად გავაგრძელებთ, თუ არადა – ყველას თავისი გზა აქვს. რომ გითხრათ, სამუდამოდ ვაპირებ აქ დარჩენას, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელსაც მოქალაქე კარებიდან აგდებს და ის მაინც ფანჯარაში მოძვრება ამ არჩევნების დროს, ნამდვილად არ ვაპირებ. გეუბნებით, ეს არის ბოლო“,– უთხრა „ფორმულას“ გრიგოლ ვაშაძემ.
თავის მხრივ გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დეტალები ფართო საზოგადოებისთვის 30 აგვისტოს გახდება ცნობილი.


