ავღანური გამბიტი?!

30-08-2021 12:21:27 ანალიზი

ავღანეთში მიმდინარე პროცესებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე აფასებს.

დღეს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მთლიანად აქვს მიპყრობილი ავღანეთს. იქ მიმდინარე პროცესების აქტუალობამ და მოულოდნელმა განვითარებამ კოვიდპანდემიაც კი დაჩრდილა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ჯარების გაყვანაზე შეთანხმება ამერიკის, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო, ასეთ სწრაფ რეტირებას არავინ ელოდა. მათ შორის ამერიკის ევროატლანტიკური პარტნიორებიც. როგორც აღმოჩნდა, აშრაფ ღანის მთავრობის ასე უსახელო დაცემას არც თეთრი სახლი განიხილავდა. მათი შეფასებით, ავღანეთის ექსმთავრობას 3-6 თვე მაინც უნდა შეენარჩუნებინა პოზიციები. ამასობაში, უნდა მომხდარიყო ჯარების მშვიდი ევაკუაცია. ავღანეთში მყოფი დასავლეთის მოქალაქეების დაბრუნება და იმ ავღანელების გამოყვანა, ვინც კოალიციის მხარდამჭერი იყო და შესაძლო საფრთხე ელოდა თალიბანის მხრიდან. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. თალიბებმა ლამის 20 დღეში მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ამერიკელებმა ვერ შეძლეს 20 წლის განმავლობაში. მოაქციეს საკუთარი კონტროლის ქვეშ მთელი ქვეყანა და უსისხლოდ შევიდნენ ქაბულში. პრეზიდენტის სასახლეში ერთდღიან მოლაპარაკებებს ანას ჰაკანისთან მოყვა აშრაფ ღანის სწრაფი გაქცევა გაურკვეველი მიმართულებით. მალევე ქვეყანა დატოვეს ანტითალიბური ფრონტის ლიდერებმა, უზბეკმა აბდულ რაშიდ დუსტუმმა და ტაჯიკმა ატა მოჰამედ ნურიმ. ულიდეროდ დარჩენილი არმიაც თალიბანის მხარეს გადავიდა. ამის შემდეგ ჰაკანის ჰქონდა შეხვედრა ყოფილ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან და ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ აბდულა აბდულასთან. შედეგად შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო თავად კარზაის, აბდულას და გულბედდინ ჰეკმატიარის შემადგენლობით. კარზაი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ავღანეთში. ის ავღანეთის უკანასკნელი მონარქის, მოჰამედ ზაქირ შაჰის ნათესავია. აბდულა აბდულა წლებია, ხელმძღვანელობს მოლაპარაკებების პროცესს თალიბებთან ყატარში. ჰეკმატიარი კი ისლამური პარტიის ლიდერი და ავტორიტეტული პოლიტიკოსია. ამ საბჭოს მიზანი გახლავთ ინკლუზიური მთავრობის შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევლენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ტრამპთან შეთანხმების მთავარი პრინციპი სწორედ ეს იყო. ასევე უსაფრთხო ევაკუაცია და ადამიანის ძირითადი უფლებების მინიმალური შენარჩუნება მაინც. თალიბანმა ასეთი პირობა დადო. პირველი ნიშნებით, ისინი საკუთარ საერთაშორისო იმიჯს უფრთხილდებიან და ითვალისწინებენ საკუთარ შეცდომებს, რომელიც 20 წლის წინათ დაუშვეს.

სამწუხაროდ, მშვიდი ევაკუაციის ნაცვლად, მივიღეთ საკმაოდ ქაოტური პროცესი, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო კომერციული თვითმფრინავი 15 აგვისტოს დილით გაფრინდა დელიში. ამის შემდეგ აეროპორტზე კონტროლი კოალიციის ჯარებმა აიღეს. სხვადასხვა მონაცემებით, ავღანეთიდან გამოსაყვანთა რიცხვი 250 000 ადამიანს აჭარბებს. მათ შორის არიან ავღანელებიც, რომლებიც გაურბიან თალიბების ფუნდამენტალიზმს. ევაკუაცია, რომელშიც საქართველოც არის ჩართული ევროპის და აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად, 31 აგვისტოს უნდა დამთავრდეს, თუმცა, მედიაში ჩნდება სკეპტიკური ნოტები და შიში იმ ადამიანების ბედზე, რომლებმაც შეიძლება, ვერ მოასწრონ ქვეყნის დატოვება. ამას ემატება ის უცნაური გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის ხელისუფლებამ მიიღო, როცა თალიბებს გადასცა იმ ადამიანების სიები, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, რათა თალიბებს არ შეექმნათ მათთვის წინაღობები. ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი თვლის, რომ ამით თეთრმა სახლმა თალიბანს „დასახვრეტთა სია” ჩაუგდო ხელში. აქვე უნდა დავამატოთ, რომ პენტაგონმა ავღანეთის არმია ულტრათაანამედროვე იარაღით შეაიარაღა. ახლა მთელი ეს შეიარაღება თალიბანის ხელში მოხვდა. მათ შორის არის, როგორც მსუბუქი შეიარაღება, ასე მძიმე ტექნიკა, ავიაცია და სადაზვერვო მოწყობილობა. ეს უკანასკნელი ალბათ, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამერიკის არმიამ ამ დღეებში ააფეთქა CIA ბოლო საყრდენი პუნქტი და გაანადგურა იქ არსებული კომპიუტერული ტექნიკა, კოდები და დისკები, თუმცა რთულია, ვიწინასწარმეტყველოთ, კიდევ რა შეიძლება, მოხვედრილიყო თალიბებთან და ექნებათ თუ არა მათ წვდომა ამერიკის არსებული აგენტურული ქსელის ავღანურ სიაზე.

მაშინ, როცა დასავლეთის ჯარები და დიპკორპუსი ასეთი ფაცი-ფუცით გადის ქვეყნიდან ჩინეთის, რუსეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, პაკისტანის და ყატარის საელჩოები მშვიდად აგრძელებენ მუშაობას. თალიბების მომავალი პოლიტიკის კონტურები ამითაც შეიძლება განვსაზღვროთ. თალიბანმა უკვე გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინეთის ინტერესები აქტიურად იქნება დაცული და ჩინეთთან მათ მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის. ჩინეთის ინტერესი ამ რეგიონში განსაკუთრებულად დიდია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეკონომიკური, ლოჯისტიკური და პოლიტიკური. უნდა ითქვას, რომ ავღანეთი ახლო აღმოსავლეთის ერთ- ერთი უმდიდრესი ქვეყანაა წიაღისეულით. განსაკუთრებით დიდია ლითიუმის მარაგი. დღეს კი ეს მეტალი უდიდეს როლს თამაშობს ელექტროენერგეტიკაში. ყველას მოეხსენება, ჩინეთის ინტერესი წიაღისეულის მიმართ, ჩინეთი მზად არის, გააკეთოს დიდი ინვესტიციები ამ მიმართულებით. ცხადია, თალიბებსაც აქვთ ამის სურვილი.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც თალიბების პარტნიორად შეიძლება განვიხილოთ, არის პაკისტანი. საზოგადოდ, თალიბანი პაკისტანში იქაურ პუშტუნებში ჩამოყალიბდა, როგორც ორგანიზაცია 1994 წელს და 1996-დან ამერიკის და კოალიციური ჯარების შესვლამდე მართავდა ავღანეთს. ამიტომაც პაკისტანთან მათი კავშირი განსაკუთრებით ახლოა. დღეისათვის თალიბებს აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა. მაგრამ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მუჰამედ კურეშიმ განაცხადა, რომ პაკისტანი ცნობს თალიბების მთავრობას საერთაშორისო კონსესუსის და პაკისტანის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით. თალიბანის მიმართ ინტერესს ყველა მეზობელი ქვეყანა გამოხატავს. ცხადია, ცენტრალური აზიის მეზობელი ქვეყნებიც მათ სიაშია. განსაკუთრებით უზბეკეთი და ტაჯიკეთი. ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში სწორედ უზბეკური და ტაჯიკური დიდი და კარგად შეიარაღებული ეთნიკური ჯგუფები არიან განსახლებული. დაინტერესებულია ირანიც, როგორც ავღანეთის ისტორიული მოკავშირე. თურქეთიც, რომელიც ცდილობს, გაზარდოს გავლენა რეგიონში. თურქეთს უნდოდა ჯარის ნაწილის დატოვება ავღანეთში, სტაბილობის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ მიიღო ცივი უარი ავღანელებისგან. ცხადია ინტერესი აქვს ინდოეთსაც და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს. განსაკუთრებით ყატარს, რომელიც უშუალოდ არის ჩართული თალიბანისა და დასავლეთის მოლაპარაკებებში. პარალელურად, ასეთივე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჩატარდა მოსკოვშიც. რუსეთის ინტერესებს ავღანეთში ხანგრძლივი ისტორია აქვს. რუსეთის პირველი გამოჩენა ამ რეგიონში უკავშირდება ბრიტანეთის და რუსეთის იმპერიების ტრადიციულ, ე.წ. heartland, ანუ სახმელეთო და საზღვაო იმპერიების დაპირისპირებას. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, ეს ორი მონსტრი ერთმანეთს ექიშპებოდა რეგიონში. ამ პერიოდში იყო რუსების რამდენიმე სამხედრო ექსპედიცია და სამი ომი ბრიტანეთსა და ავღანეთს შორის, საიდანაც ორში ბრიტანეთმა გაიმარჯვა. საბოლოოდ, მხოლოდ 1895 წელს მოხდა ტერიტორიული გაყოფა რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებულ შუა აზიასა და ავღანეთს შორის. საბოლოო წერტილი კი ამ ისტორიას დაესვა 1912 წელს რუსი და ბრიტანელი ტოპოგრაფების შეხვედრით ქალაქ მურღაბის ახლოს. შემდეგ იყო საბჭოთა ჯარების ინტერვენცია და უსახელო რეტირება, რასაც არეულობის ხანგრძლივი პერიოდი მოყვა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რადიკალური ისლამის გავრცელებას ავღანეთში და მათი შეიარაღებული ჯგუფების გამრავლებას სწორედ აშშ-მ და კერძოდ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ და პრეზიდენტ კარტერის ადმინისტრაციამ შეუწყვეს ხელი. მათი მიზანი იყო საბჭოეთის გამოდევნა რეგიონიდან. შედეგად მიიღეს ბუმერანგი, რომელიც ახლა შეერთებული შტატების რეპუტაციას ძალიან მტკივნეულად მოხვდა.

ბრიტანეთ-რუსეთის დაპირისპირებას ახლო აღმოსავლეთში იცნობენ სახელით “დიდი თამაში.” ამ დაპირისპირების მიზეზი გახდა ინდოეთის ოკეანეზე გასვლა და ევრაზიის კონტინენტზე სრული კონტროლის მოპოვება, სადაც ავღანეთის გეოპოლიტიკური როლი განსკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. დიდი თამაშის ერთგვარი გაგრძელება მე-20 საუკუნეში გახდა “დიდი ახლო აღმოსავლეთის” ცნება, რომელიც უკვე არა მარტო აზიის ქვეყნებს, არამედ ჩრდილოეთ აფრიკას, ისრაელს და კავკასიასაც მოიცავდა. 21-ე საუკუნეში კი ის ტრანსფორმირდა, როგორც პროექტი “ახალი ახლო აღმოსავლეთი,“ რომლის დაწყებაც მსოფლიოს პომპეზურად ამცნეს ისრაელის პრემიერმა ოლმერტმა და კონდოლიზა რაისმა. ეს იყო აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის მიერ ჩაშვებული, ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ექსპორტის პროექტი. ამისთვის შეარჩიეს ისეთი ქვეყნები, რომლებზეც არავინ დაიწყებდა ვიშვიშს. ეს იყო სადამის ერაყი და თალიბანის ავღანეთი. ამავე პროექტის ერთგვარ ეტაპად შეგვიძლია, განვიხილოთ “არაბული გაზაფხულიც”. შედეგად ამერიკამ მიიღო დახარჯული 2 ტრილიონი დოლარი, 3500 დაღუპული ჯარისკაცი და უაზრო 20 წლიანი ომი ტერიტორიაზე, რომელსაც არასდროს ჰქონია დემოკრატიის და ლიბერალური ფასეულობების სულ მცირე გამოიცდილებაც კი. აშშ-ს ჰქონდა დემოკრატიის ექსპორტის წარმატებული გამოცდილება პოსტფაშისტურ გერმანიასა და იაპონიაში, მაგრამ ამ ქვეყნების შედარება შუასაუკუნეებში ჩარჩენილ ეთნიკურად და კლანურად დაქსაქსულ ავღანეთთან შეუძლებელია. ამას უნდა დავუმატოთ რელიგიური ფაქტორიც. თალიბები სუნიტური ისლამის ყველაზე რადიკალური მიმდინარეობის, აშარიზმის მიმდევრები არიან. მათთვის ყველაფერი რაც ყურანით იკრძალება, უპირობო დევნის ობიექტი ხდება. საუბარი აღარ არის ქალების ან უმცირესობების უფლებებზე. იკრძალება მუსიკა, ჭადრაკი და ყოველგვარი გართობა. ამ ეტაპზე შეიძლება, მოვახდინოდ ფაქტის უტყუარი კონსტანტირება - პროექტმა “ახალი ახლო აღმოსავლეთი” კრახი განიცადა. პრეზიდენტი ბაიდენი იძულებული გახდა ეთქვა, რომ მისიის მიზანი იყო არა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ავღანეთში, არამედ მხოლოდ აშშ-ს უსაფრთხოების საკითხი. ისიც დაამატა, რომ “ამერიკას არ შეუძლია ომის მოგება მათთვის, ვინც უარს ამბობს ბრძოლაზე.” ასეთ შემთხვევაში გაუგებარი ხდება, თუ რატომ დარჩნენ კოალიციის ჯარები ავღანეთში ბენ ლადენის ლიკვიდაციის და ალ ქაედას ბირთვის განადგურების შემდეგ. რთულია სსრკ-ს და ამერიკის ჯარების გაყვანას შორის პარალელის გავლება. სხვადასხვაა პერიოდიც, მიზანიც და შესაძლებლობებიც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სსრკ-მ ჯარები გაიყვანა არა სამხედრო უძლურების გამო, არამედ ღრმა შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად, რომელიც მალევე დამთავრდა სსრკ-ს დაშლით. სამწუხაროდ, ამერიკაშიც სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, თუმცა ამერიკული სისტემის სიმყარე ბევრად დიდია სსრკ-ზე და იმედია, ამერიკისთვის ეს პროცესი მხოლოდ რეპუტაციული დარტყმით დამთავრდება. მით უმეტეს, ამის გამოცდილება უკვე არსებობს ვიეტნამის ომის სახით.

დღეისათვის განსაკუთრებული ყურადღების თემა გახლავთ ლტოლვილების საკითხი და ავღანეთში დარჩენილი ადამიანების უსაფრთხოება. მართალია, ამერიკამ ვერ შეძლო, შეენარჩუნებია პოზიციები საკუთარი საზღვრებიდან ძალიან შორს, მაგრამ სამაგიეროდ, დაუტოვა თავსატეხი ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს. ჯერჯერობით ლტოლვილთა დიდი ნაკადები არ შეიმჩნევა, რადგან ავღანეთის საზღვრებს თალიბები აკონტროლებენ და ხალხს ეშინია საზღვრებთან მიახლოება. თანაც, უზბეკეთმა კი გაატარა ანტითალიბური ძალების ლიდერები, მაგრამ სხვებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ძირითადად გასვლა ხდება საჰაერო გზით. თუმცა არის მოძრაობა ირანის მიმართულებითაც. თურქეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ არ აპირებს ლტოლვილების დიდი ნაკადის მიღებას. ევროპა მზად არის მიიღოს, მაგრამ არ უნდათ სირიის გამოცდილების გამეორება და კანცლერ მერკელის განცხადებაზე, რომ საჭიროა 10 000 ავღანელის განლაგება გერმანიაში, მომავალმა კანცლერმა არმინ ლაშეტმა მალევე განაცხადა, რომ გერმანია ამისთვის არ არის მზად. სწორედ ამიტომ, ემანუელ მაკრონმა და ბორის ჯონსონმა მიმართეს გაერო-ს, რომ მან თავის რიგგარეშე სხდომაზე განიხილოს ქაბულში უსაფრთხოების ზონის შექმნა გაერო-ს ეგიდით, სადაც თავს შეაფარებენ ადამიანები, რომლებსაც თალიბებისგან საფრთხე ემუქრებათ. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შექმნილმა კრიზისმა გვიჩვენა, შეუძლებელია, დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ექსპორტი გარედან, როცა იმპორტიორი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, ნათლად დავინახოთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს ევროპასა და ამერიკას შორის კოორდინაციის თვალსაზრისით. კოალიცია სრულიად მოუმზადებელი იყო ამერიკის ასეთი სწრაფი გასვლისთვის. და მესამე, ბაიდენის ადმინისტრაციის ერთადერთი "კოზირი", გავიდნენ ავღანეთიდან, რათა გადაარჩინონ ამერიკელების სიცოცხლეები, "გაჭრილი" აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მოხდა ტერაქტი, სადაც დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 13 ამერიკელი. ერთი სანიტარი და 12 საზღვაო ქვეითების ელიტური მებრძოლი. ასეთი მსხვერპლი ამერიკას არ ჰქონია 2011 წლის შემდეგ. ყველაფერი ზემოთ თქმული პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან. დაწყებული სამხედრო მისიით და მონაწილეობით ევაკუაციაში გაგრძელებული იმ საფრთხეებით, რომელიც შეიძლება მივიღოთ გაზრდილი ნარკოტრაფიკით და ლტოლვილებთან ერთად შემოსული რადიკალი ისლამისტების სახით. ყოველივე ამისთვის ქვეყანა და მისი სპეცსამსახურები უნდა იყვნენ მზად. განსაკუთრებით კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც დასავლეთია ყოვლისშემძლე და თავად თუ არ მივხედავთ ჩვენს პრობლემებს, სხვა ვერავინ დაგვეხმარება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები