"პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს"
30/08/2021 14:36:19 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს შეფასებებს, თითქოს საზოგადოებასა და მედიაში ნაკლებად იმის გამო ჩანს, რომ „მისი პერსონალური ფაქტორი ელექტორატში პოპულარობით არ სარგებლობს“.
როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პარტიაში ხშირად ატარებენ კვლევებს, რომლითაც მათივე ლიდერების მოწონების მაჩვენებლის გაზომვა ხდება, ასეთი კვლევებით კი მისი პერსონალური რეიტინგი პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე მაღალი - 30 %-ია.
„მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის. სპეკულაციები ყველა ჩვენგანთან დაკავშირებით გვესმის მთელი ამ თვეების განმავლობაში. იყო სპეკულაციები თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე. ეს სპეკულაციები მუდმივად ვრცელდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ჩრდილის მიყენება ჩვენი საერთო იმიჯისთვის. მაგრამ ხალხი უკვე მიჩვეულია“,- განაცხადა კობახიძემ.


