"ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ გროვდება, არ აქვს დატვირთვა ევროკავშირის 75 მილიონ ევროს"
30/08/2021 16:00:53 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია“,- განაცხადა კობახიძემ.
23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოში რეფორმების მნიშვნელობაზე ელაპარაკა.
"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- წერდა შარლ მიშელი.


