ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
31/08/2021 17:46:29 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი არ გამორიცხავს, რიგ მოსამართლეებს სანქციები დაუწესდეთ.
„ვერაფერს გამორიცხავ. შესაძლოა, გარკვეული მოსამართლეების წინააღმდეგ იყოს სანქციები, რომელთაც არამართლზომიერ გადაწყვეტილებები მიღეს. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არ მინდა, წინასწარ ვთქვა რამე და დებატებში შევიდეთ. ჩემი კოლეგები დავსხდებით და ვისაუბრებთ“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა „ფორმულას“ ეთერში საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ „სანქციებზე საუბარი გადაჭარბებულია“.
ევროპარლამენტარის შეფასებით, ევროკავშირისთვის მიცემული პირობის შეუსრულებლობის პირობებში, რომელსაც მიბმული იყო ევროკავშირის დახმარება, საქართველოს ხელისუფლება რეპუტაციული ზიანის თავიდან არიდებას შეეცადა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ევროკავშირის მიერ დახმარების გაცემაზე უარის თქმა „ქართული ოცნებისთვის" მძიმე დარტყმა იქნებოდა. ამდენად, ევროპარლამენტარის აზრით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს "დაასწრო":
„ქვეყნებმა, რომლებსაც საქართველოზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ, სიამოვნებით მიიღეს მსგავსი დახმარება, საქართველომ კი საკმაოდ გულუხვად, თავად თქვა უარი მასზე. რატომ? მგონია, რომ გადაჭარბებულად შეაფასეს შესაძლებლობები“.
ამასთან, ევროპარლამენტარი ეხმიანება მმართველი გუნდის წევრების პოზიციონირებას, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე განაცხადს წარადგენს:
„დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთია, გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი. ხელი ორჯერ მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს და ორჯერვე გადააგდეს ის, ამ პირობებში ვერ ვხედავ საქართველოს მთავრობის მხრიდან ვერანაირ ინტერესს, გახდნენ ევროკავშირის წევრები“.
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.
არგუმენტად ღარიბაშვილი ასახელებს, ერთის მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას“ და მეორე მხრივ – საგარეო ვალის შემცირების სურვილს.
ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას ასახელებდა, მათ შორის - სასამართლო რეფორმის განხორციელებას.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებაში გამართულ საპასუხო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.


