ნაცვლიშვილი – საკოორდინაციო საბჭოს: "რის საფუძველზეა რესტორნები გახსნილი და სკოლები დახურული?"
01/09/2021 12:02:03 პოლიტიკა
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კორონავირუსის მართვა ევალება, გაუმჭვირვალედ და დემოკრატიის დაბალი სტანდარტით მუშაობს.
ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მან სხდომის ოქმების ასლები გამოითხოვა, თუმცა უშედეგოდ:
"ეს დოკუმენტები და მათი საჯაროობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა არგუმენტებზე და ტენდენციებზე დაყრდნობით მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება, რომ მაგალითად, რესტორნები უნდა იყოს ღია და სკოლები დახურული, რომ ბაღები ვერ დაიწყებენ ფუნქციონირებას, უნივერსიტეტებში სწავლა არ განახლდება, რომ საჯარო ტრანსპორტი კვლავ არ მუშაობს და მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის წინაშე, რადგან მათ არ შეუძლიათ საჯარო ტრანსპორტით გადაადგილება.საბჭოს მუშაობა არის სრულიად გაუმჭვირვალე და არათუ მათი სხდომები არ გადაიცემა მედიით, რაც იქნებოდა მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, სხდომის ოქმების მოწოდებაც არ უნდათ".
მისი თქმით, თუ ოქმებს კვლავ არ მიაწოდებენ, სასამართლოს მიმართავს.
საკოორდინაციო საბჭოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსოპორტის მუშაობა, დაპირებული 4 სექტემბრის ნაცვლად, 13 სექტემბერს აღდგება, სკოლებში სწავლა კი 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.


