„საქართველოსთვის“ წევრები გახარიასა და კალაძეს შორის შეხვედრას ადასტურებენ
02/09/2021 06:09:01 პოლიტიკა
ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და დედაქალაქის მოქმედი მერის შეხვედრის ფაქტი გახარიას პარტიის წევრებმა დაადასტურეს.
"შეხვედრა შედგა დღისით, მზისით ქალაქ თბილისის მერიაში და შესაბამისად, თეორიულად რომ წამოვიდგინოთ თუკი რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო დასამალი, როგორ წარმოგიდგენიათ ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა, სადაც ყველა სართულზე 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული?
გიორგი გახარიამ უარყო არა თვითონ შეხვედრის ფაქტი, არამედ ის ნარატივი, რომელიც კობახიძემ და მდინარაძემ იკადრეს," - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ლევან დოლიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დაადასტურა კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა.
„მას [გახარიას] მართლაც ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კახი კალაძე ჩაეყენებინა საქმის კურსში და ეთქვა, რომ მას არ უნდა შეეტყო ეს ინფორმაცია [მერობის კანდიდატად დასახელება] ტელევიზიით“, - თქვა ლევან დოლიძემ და დაამატა, - „შეხვედრა იყო, ბუნებრივია, მაგრამ შეხვედრა იყო ისე, როგორც იქცევა ღირსეული ადამიანი, რომელიც თავის ყოფილ კოლეგას მოიხსენიებს, როგორც ღირსეულ ოპონენტად, მას ხვდება და ეუბნება, რომ მისი გადაყვეტილებაა, რომ გახდეს მისი პირდაპირი ოპონენტი“.
თავდაპირველად კალაძემ ინფორმაცია არ არ დაადასტურა, თუმცა შემდეგ განაცხადა:
„შეხვედრა იყო. რამდენიმეჯერ იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, უბრალოდ მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატურის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიიდან“.
თავად გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძის განცხადებას, შუამავლის მეშვეობით ფინანსურ საკითხზე კომუნიკაციის შესახებ, ასე პასუხობს:
„საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ბოსი დღეს რას ლაპარაკობს. იმიტომ, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ, ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან. ეს ადამიანები, დაახლოებით ერთი წლის წინ ქება-დიდებას და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნული. დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნული. მე ნერვი არ გამიტოკდება“.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერის შესახებაც ისაუბრა: „რაც შეეხება კახა კალაძეს, მას ინდივიდუალურად, როგორც პოლიტიკოსს მე არ შევაფასებ დღეს, მაგრამ ვიტყვი, რომ კახა კალაძე, რომ იყოს მარტო კახა კალაძე, ეს ერთი შეფასება იქნებოდა, სამწუხაროდ, კახა კალაძის უკან დგას ბოსების უზარმაზარი რაზმი“.
ცნობისთვის: ირაკლი კობახიძის თქმით კი გახარიას მხრიდან იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე:
„იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მემგონი კეზერაშვილში ვეშლებით“, - აღნიშნა კობახიძემ.


