აშშ–ის ელჩი – საქართველოს მთავრობის განცხადებაზე: "სიურპრიზი იყო, ამას ვაშინგტონიც გამოეხმაურება"
02/09/2021 07:15:15 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის დახმარებაზე, სიურპრიზი იყო და ამას ვაშინგტონიც გამოეხმაურება.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველომ დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გააგრძელოს.
"ჩვენთვის სიურპრიზი იყო ის, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც, მაგრამ ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა შეჩერდეს. ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის", - თქვა დეგნანმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. მოტივად ვალის შემცირების გეგმა დაასახელა.
იმავე დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საქართველომ დახმარების პირობა ვერ შეასრულა.


