ზარქუა – გახარიას: „ვარექ სი მართალ კოჩი!“
02/09/2021 07:50:05 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, ჩაერთოს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ექს–პრემიერი დიდი იმედგაცრუებაა.
ზარქუას თქმით, არ სჯეროდა მისი თანაგუნდელების პრეტენზიების, გახარიასა და ენმ–ის კავშირზე, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ცდებოდა.
მან გახარიას შანსები გადათვალა და ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ბრძოლაში ნულოვანი შანსი აქვს და კვლავ გაიმეორა თანაგუნდელების გზავნილი:
„სამწუხარო რეალობა ასეთია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტს ვერ აიღებს – 25%–ს ვერ გადალახავს და მაშინ რა გამოდის? მავნებლობს. როცა თქვა, რომ კალაძე უალტერნატივოა და მის კონკურენტად ყოფნაზე უარს ამბობდა, ახლა ეს პოზიცია შეცვალა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცრუპენტელა და ორპირი კაცი აღმოჩნდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ დედაქალაქში არანაირი თეორიული შანსიც არ გააჩნია, რომ გაიმარჯვოს და უფრო მეტიც, მეორე ტურში გადავიდეს. მისი ერთადერთი ამოცანა და დაკვეთაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი შეუწყოს იმაში, რომ კახა კალაძემ ქულები დაკარგოს. ეს არ გამოუვა, გამორიცხულია, კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს. შეიძლება, 60%–ით ვერ გაიმარჯვოს, 55%–ით გაიმარჯვოს, მაგრამ ამან გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი – ვარექ სი მართალ კოჩი [არ ხარ მართალი კაცი], გახარია! ეს არაფერში წერია. მას მეგრული არ ესმის, მაგრამ უთარგმნიან და ყველა ეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა და წაგებულ ომში შევიდა. ერთადერთი ამოცანაა, რომ თავისი ჭკუით „ქართულ ოცნებას“ ქულები დააკარგვინოს და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში გაიყვანოს. ამის არ მჯეროდა, მაგრამ გუშინდელი ნაბიჯით ნიღაბი ჩამოეხსნა. პირადად მე მზად ვარ, სადაც უნდა, რომელ ეთერშიც უნდა, დავუჯდები დებატებში, თუ უნდა თავის „მთავარ არხზე“ და გეტყვი სათქმელს – „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი გახდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


