ჰარცელი – ენმ–ის გადაწყვეტილებაზე: "არასდროსაა გვიან იმის ხელმოწერა, რაც დემოკრატიული რეფორმების გზამკვლევს წარმოადგენს"
02/09/2021 12:17:58 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დემოკრატიული რეფორმების გზამკვლევის ხელმოწერა გვიან არასდროსაა.
"ნიკა მელიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად, პარლამენტის 150 არჩეული წევრიდან 147-მა სხვადასხვა ეტაპზე მხარი დაუჭირა შეთანხმებასა და მის შინაარსს, თუმცა, სხვადასხვა დროს.
ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან. და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან. მტკიცედ მჯერა, რომ ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია", - განაცხადა ჰარცელმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 აპრილის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერა.


