"სილქნეტი" "ალტ-ინფოს" მორიგებას სთავაზობს
03/09/2021 08:17:24 პოლიტიკა
სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" ჰომოფობიური ჯგუფის ტელევიზიას "ალტ-ინფოს" მორიგებას სთავაზობს. კერძოდ, "სილქნეტი" "ალტ-ინფოს" ჰპირდება, რომ მათ მაუწყებლობას საკუთარ ქსელში, ყველა სამაუწყებლო პაკეტში განათავსებს.
საკითხის განხილვა კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარეობდა.
"ახლიდან არის შემოტანილი კომპანიის მიერ, უბრალოდ, ინფორმაციას მოგაწვდით, ჩვენ ვაპირებდით "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებას მომდევნო კვირას, რადგან ამ კვირაში დასრულდა IT ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით ის ტექნიკური გადაიარაღების პროცესი და შესაბამისად მათი ჩართვის თაობაზე იქით კვირას უნდა გვქონოდა კომუნიკაცია. არ ვიცი, რამდენად არის "ალტ-ინფო". გნებავთ, ჩანიშნეთ დავის განხილვა, მაგრამ იქეთ კვირიდან, როგორც მითხრა შესაბამისმა სამსახურმა "ალტ-ინფოსთან" კომუნიკაცია შედგება მათი არხის გატარების შესახებ", - თქვა სხდომაზე "სილქნეტის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმა.
ცნობისთვის: "ალტ-ინფომ" "სილქნეტს" ქსელში ჩართვის მოთხოვნით ორი თვის წინაც უჩივლა, თუმცა საჩივარი 29 ივლისს უკან გაითხოვა და კომისიაში დავა ამ მოტივით შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფო" მიმართ სანქცია უხამსობისთვის ორჯერ გამოიყენა.


