„ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
03/09/2021 14:49:25 პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს წინა მოწვევის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დათა შელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეთიშება და კენჭს არ იყრის ანაკლია-ერგეტა-ორულუ-დიდი ნეძის მაჟორიტარად. ამის შესახებ პოსტი მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ანაკლიელებო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი, თქვენთვის პირნათლად რომ მემსახურა. მიუხედავად ყველაფრისა, უფრო მეტის გაკეთება მინდოდა თითოეული თქვენგანისთვის და ანაკლიისთვის, ბევრი რამ ვერ მივიყვანე ბოლომდე. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ობიექტური მიზეზების გამო უარს ვამბობ კენჭი ვიყარო ანაკლია-ერგეტა-ორულუ-დიდი ნეძის მაჟორიტარად. მე ბრძოლას არ შევწყვეტ ანაკლიისა და ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ და სანამ შემეძლება, როგორც ყოველთვის, შემდგომშიც თქვენს გვერდით ვიქნები დიდი სიყვარულით თქვენი დათა შელია”, - წერს დათა შელია.


