საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიას მიმართავს
06/09/2021 08:18:02 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიას მოუწოდებს, უფრო მეტი გულისყურით მოეკიდოს თავდაცვის ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
საქმე ეხება გარკვეული მედიასაშულებების თითქოსდა ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა და შესაბამისმა პერსონალმა ვაზიანში ერთ-ერთი კორპუსი დაცალეს.
31 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი ტრეისი კინგიც.
"ცხადია, ავღანეთში საერთაშორისო მისიის დასრულებას ავტომატურად მოჰყვა გადასროლისწინა პროგრამის დასრულებაც, რადგან ეს პროგრამა მისიისთვის დანაყოფების მომზადებას გულისხმობდა. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, უფრო მეტი გულისყურით მოეკიდოს თავდაცვის ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.


