რა აძლევს „ქართულ ოცნებას“ სითამამის საფუძველს?

06-09-2021 18:25:01 ინტერვიუ

პარადოქსები ქართული პოლიტიკისთვის უცხო მოვლენა არ არის, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ პოზიციონირებაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, „უცნაური“ მიდგომები ჩამოყალიბდა: ერთის მხრივ, წინასაარჩევნო პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე „მიღწეული შედეგებით“ თავის მოწონებასა და წევრობის დაანონსებულ განაცხადზე აიგო, მეორეს მხრივ, ხელისუფლება პროცესზე დამკვირვებელთა მხრიდან შემჩნეულია ანტიდასავლური ძალების ირიბ თუ პირდაპირ ხელშეწყობაში; მმართველმა გუნდმა დატოვა რეფორმების საგზაო რუქად შეფასებული პოლიტიკური შეთანხმება; განსაკუთრებით, მოსამართლეების შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე სწრაფი ტემპით დანიშვნის შემდეგ გამოთქმული უკმაყოფილების საპასუხოდ კეთდებოდა მინიშნებები სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაზე; ცალსახად განსხვავებული წარმოდგენებია დამოუკიდებელ სასამართლოზე, ქართული მართლმსაჯულების მდგომარეობასა თუ პოლიტიკური შეთანხმების ერთგულებისადმი ცივილიზებულ სამყაროსა და საქართველოს მმართველ გუნდში; პარტნიორებისგან წამოსული კრიტიკის ადრესატების რიტორიკაში კი გაჩნდა სიხისტე. შექმნილ ვითარებაში, რომლსაც ქართულ ანალიტიკურ წრეებში შეშფოთება მოჰყვა, შიშობენ რა ქვეყნის მიერ გაცხადებული მიზნის – გახდეს დასავლური სამყაროს განუყოფელი ნაწილი – კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების თაობაზე, ჩნდება კითხვა: მაინც რა აძლევს სითამამის საფუძველს მმართველ პოლიტიკურ ელიტას, მსგავს დაძაბულ ურთიერთობაში შევიდეს პარტნიორებთან, მით უფრო, რომ ამ ურთიერთობების ხარისხი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შენივე ქვეყნის პერსპექტივას და ყოფის ხარისხს?

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი თემის კომენტირებისას „აქცენტთან“ რამდენიმე სავარაუდო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „ქართული ოცნების“ მყარი ამომრჩეველი;
  • ადმინისტრაციული რესურსი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც თავს „ქართული ოცნებისგან“ დავალებულად გრძნობენ;
  • საქართველოში გაძლიერებული ანტი დასავლური ხასიათის ფლანგი;
  • ეკლესიის მსახურთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც მოსახლეობაზე გავლენა აქვთ.

„როგორც ჩანს, სხვადასხვა ანტი დასავლური ძალების მოძლიერების ფონზე, „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდა თავდაჯერებულობა, რომ ეს ხალხი მათ დაუჭერს მხარს, თუ თავად დასავლეთის მიმართ სისუსტეს არ აჩვენებენ. ეს თავისებური ტაქტიკაა: „ვითანამშრომლოთ, მაგრამ ჩემი უფროსი ევროპარლამენტარი არ არის“ – როგორც ეს პრემიერ–მინისტრმა თქვა“.

ამ ვერსიის მიხედვით, „ქართულ ოცნებაში“ აქვთ განცდა, რომ ხსენებული ტაქტიკით თვითმმართველობის არჩევნებზე (რომელიც ოპოზიციის მხრიდან ერთგვარ რეფერენდუმადაა დანახული), წარმატებას მიაღწევენ, რაც პრობლემური საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (რამაც ქვეყანა მწვავე პოლიტიკურ კრიზისში გადაჩეხა), ერთგვარ ლეგიტიმაციას მიანიჭებთ, თავად ლეგიტიმაცია კი – ევროკავშირთან თამამი პოზიციონირების შესაძლებლობას, „ჩვენ მხარდაჭერა გვაქვს და ნუ გველაპარაკებით ნიშნის მოგებითო“:

„მაგრამ ეს ხომ ბელარუსის გზაა?! თუ არაა იზოლაციის გზა, პერსპექტივის შემცირების მაინცაა: ჩვენთვის ადგილის ტკეპნა საკმარისი არაა! მნიშვნელოვანია, ევროინტეგრაციის გზაზე მაქსიმალურად სწრაფად სვლა. ამჟამად ხიდზე ვდგავართ, რომელიც გვენგრევა. აქ შემდეგი არჩევანია: ან წყალში გადავვარდებით, ან ფონს გავალთ, ან უკან უნდა დავიხიოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ უკან დავბრუნდებით, ხიდი ჩაინგრევა!“.

გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ესმით ვითარების სიმძიმე და მმართველი პოლიტიკური გუნდის მოტივების კონტექსტში ორ სავარაუდო ვერსიაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „ან დავალებებს ნამდვილად ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ, მას კი თავისი გათვლები აქვს, რომელიც, შესაძლოა, „ქართულ ოცნების“ ინტერესებთანაც კი არ არის თანხვედრაში: მისთვის „ქართული ოცნება“ პროექტია და შეუძლია მისი გაცვლა, ხელისუფლებაში სხვა ძალის მოყვანა.
  • ან „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი გათვლები აქვთ: მთავარია, ხელისუფლება შეინარჩუნონ, შემდეგ კი სხვა პოზიციებიდან ისაუბრებენ და ვარაუდობენ, რომ შეძლებენ ევროკავშირთან სტატუს კვოს აღდგენას“.

„ქართულ ოცნებას“ „გაუმართლა“?

„აქცენტთან“ ანალიტიკოსი თავად ევროკავშირის პოზიციონირებაზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ფიქრობს, რომ მოვლენათა ამჟამინდელი განვითარება ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ვიდრე ევროკავშირში ერთდროულად იჩენდა თავს რამდენიმე კრიზისი, ორგანიზაციისგან გაცილებით ხისტ დამოკიდებულებას დაიმსახურებდა, მაგრამ დღეს მოცემულობა განსხვავებულია:

„ამჟამად ევროკავშირი გეოპოლიტიკურ თამაშებშიცაა ჩართული, პოზიციები შესუსტებული აქვს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ჩინეთი პოზიციონირებს, როგორც კონკურენტი, ევროკავშირის მოკავშირე ამერიკაც შესუსტდა და ეს ყველაფერი ევროკავშირს პარტნიორებთან (და მათი შეცდომებისადმი) უფრო ფრთხილი პოლიტიკის გატარების სტიმულს აძლევს: ცდილობს, გავლენები შეინარჩუნოს. მაგალითად, სომხეთმა ასოცირების შეთანხმებაზე უარი თქვა, მაგრამ მასთან თანამშრომლობა კვლავ გრძელდება: მიზანი, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანა გახადონ, მეტია, ვიდრე სხვა რამ, რადგან დასავლეთის გეოპოლიტიკა დემოკრატიის გავრცელებაზე დგას. ასე იყო აშშ და ასეა ევროკავშირიც“.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, სადღეისოდ ანალოგიური დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაშიც:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯები აშკარაა, ასე მარტივად „არ შეგვეშვებიან“, რადგან ეს დამარცხება იქნება – იგივე, რაც მაგალითად, ამერიკამ ავღანეთში გააკეთა. მაგრამ, ავღანეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპას და საქართველოს არ უყურებს როგორც სხვა ცივილიზაციას. პირიქით, ხედავს, რომ გვაქვს მიდრეკილება და პოტენციალი, გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. თუმცა ჩვენ, როგორც უკვე ვთქვი, ხიდზე ვდგავართ. მსოფლიოში გლობალური პროცესები სწრაფად ვითარდება, სწრაფად მზარდი კონკურენციაა, რესურსები მცირდება, სიტუაცია იძაბება, არსებობს კრიზისები... ძალიან სახიფათო მომენტია, ამიტომ, მკაფიო არჩევანი სწრაფად უნდა გავაკეთოთ და არა მხოლოდ სიტყვით“.

რა ფაქტორებმა შეიძლება, მოახდინოს გავლენა „ქართული ოცნების“ პოზიციონირებაზე?

დიდი ხიფათი, რომელიც შესაძლოა, მათ ["ქართული ოცნების" ლიდერებმა – რედ.]დაინახონ – პასუხობს კითხვას ანალიტიკოსი და იქვე დასძენს, რომ „ეს შესაძლოა, იყოს ქვეყნის ოკუპაციის საფრთხე, ან ამგვარი პოლიტიკით ხელისუფლების დაკარგვის რისკი, ეკონომიკური კოლაფსი, ჰუმანიტარული კრიზისი, რასაც მარტონი ვერ გაუმკლავდებიან და კვლავ დასავლეთის დახმარება დასჭირდებათ. ან ხალხის ნება“ – თუმცა, ამ უკანასკნელის გამოვლენა ანალიტიკოსს საზოგადოებაში გამჯდარი ნიჰილისტური განწყობისა და რიგი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულების ფონზე, შედარებით პრობლემატურად ეჩვენება:

„ხალხი არაა მობილიზებული, რადგან არ ჩანან ლიდერები, პარტიები, რომელთაც ხალხის სრული ნდობა ექნებათ და შეძლებენ სკეფსისის დაძლევას. ქართველ ხალხს ნება არაერთხელ გამოუვლენია და გვინახავს, რა ძალა აქვს მას. მაგრამ როდესაც დაქსაქსულია, საკუთარ ნაჭუჭსა და ეგოიზმშია ჩაკეტილი, მაშინ ძალიან სუსტი და მოწყვლადია ქართველი ერი“.

ანალიტიკოსი არსებულ მოცემულობაში დასავლეთის იმიჯის შესუსტებისკენ მიმართული რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვან ნეგატიურ როლსაც ხედავს. შესაბამისად, მისი დაკვირვებით, საზოგადოება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების რისკებთან დაკავშირებით გამოთქმულ შიშებს დრამატულად ვერ აღიქვამს:

„მოსახლეობაში ცინიზმის დაითესა, ხელისფლება კი ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ჯამში ეფექტურად არ მოქმედებდა. საინტერესოა ისიც, რომ მთავრობის ახლანდელი ნაბიჯები ეყრდნობა იმ ცინიკურ და ნიჰილისტურ ფონს, რომელიც სწორედ რომ რუსულმა პროპაგანდამ შექმნა“.

იქნება სანქციები?

სანქციებზე საუბარი ზედმეტია! – ფიქრობს კახა გოგოლაშვილი და რუსეთისა და ბელარუსის მაგალითებს იხსენებს:

„ამჟამად ევროკავშირს სანქციები რუსეთისა და ბელარუსის მიმართ აქვს დაწესებული: ორივე ქვეყანამ რაღაც ზღვარი გადალახა და ეს ძირითადად იყო ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართალს ნამდვილად არ არღვევს, არც ადამიანის უფლებები ირღვევა იმ მასშტაბით, რომ სანქციები დაუწესონ, როგორც არაჰუმანურ რეჟიმს. ამდენად, სანქციები ამ ეტაპზე ილუზიაა, და სულ ტყუილად აპელირებს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ამასთან, დახმარების შეჩერება, რომელსაც გარკვეული პირობები მოჰყვებოდა, სანქცია არაა, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესი ნამდვილად შენელებულია, რაც ქვეყანას და მის პერსპექტივას ვნებს“.

კახა გოგოლაშვილი ელის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიდგომების შენარჩუნების შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან პოზიციონირება მკაცრი იქნება, მაგრამ ურთიერთობების გაწყვეტას, ან რიგი პროგრამების შეჩერებას არ პროგნოზირებს:

„გადაიდგმება იმგვარი ნაბიჯები, რაც ჯამში, ევროინტეგრაციის პროცესს აზარალებს, მაგრამ მოსახლეობა მას მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ აღიქვამს: სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება არაა იმ დისკურსში, იგრძნოს პატარ–პატარა ტკივილები და ეს გააპროტესტოს. სამწუხაროდ, საზოგადოების მგრძნობელობა გაუხეშებულია. ამდენად, ადვილად მოხდება იმის გადაფარვა, რასაც ჩვენ ევროკავშირი მოგვაკლებს, მათ შორის – ყურადღებას“.

ანალიტიკოსი მწუხარებით აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დისკურსი სადღეისოდ არა რეალურ, პრობლემატურ საკითხებზე (ეკონომიკური რეფორმებზე, ქვეყნის შესაძლებლობებზე, პოტენციალზე, განვითარების გზებზე), არამედ, სკანდალზეა ორიენტირებული, რასაც თავის მხრივ ხელს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია და მედიაც უწყობს და შიშობს, რომ გაცხადებული მიზნების ეროზია მოხდა:

„ადამიანებს აღარ სჯერათ, რომ ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანება რეალურად მოხდება, ან თუ გავწევრიანდით, ეს რაღაცას მოგვცემს, რადგან არ მიდის პოლიტიკური დისკურსი, თუ რატომ გვინდა ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება, რა არის ამისთვის საჭირო, რა ფასი უნდა გადავიხადოთ და სანაცვლოდ რას მივიღებთ? როდესაც დავიწყეთ ევროკავშირთან ურთიერთობები, „მესიჯებს“ სერიოზულად ვაკვირდებოდით. დღეს კი არის მცდელობა, „გაბითურდეს“ ევროკავშირის „მესიჯების“ მნიშვნელობა, საზოგადოებაში მისი ფასი დაეცეს. ამას ხელს უწყობს ბევრი რამ, მათ შორის ანტი დასავლური პროპაგანდა. გავიხსენოთ, როგორ ცინიკურ რიტორიკას იყენებდა ბელარუსის პრეზიდენტი. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკის კეთება კარგი მაგალითებით ვისწავლოთ, ბოლო ხანებში, ლუკაშენკოს „კოპირება“ დავიწყეთ. ეს საბოლოო ჯამში, კარგი გამოსავალი არაა. გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გამოიღებს ცუდ შედეგს. მაგრამ მსგავსი მიდგომები პოპულისტურ გარემოში მუშაობს, ჩვენი საზოგადოება კი ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი მიზნების საზოგადოებად. თითოეულ ინდივიდი თავის მომავალს მაქსიმუმ, ხუთი წლით ზომავს, ხოლო დასავლეთში 25 წლით ზომავენ მომავალს, კარიერას, პერსპექტივას და შესაბამისად მოქმედებენ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის (რომელიც მოკლევადიანად აზროვნებს), აზრებით მანიპულირება ადვილია გრძელვადიანი მიზნების დაზიანების ხარჯზე. ვფიქრობ, ოპოზიციის ვალია, შეძლონ საზოგადოებისთვის პერსპექტივების ახსნა. მოცემულობის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივების კონტექსტში სწორი შეფასების გარეშე ვერაფერს შეცვლიან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები