გახარიას ხედვით, მეტროს ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო უნდა იყოს
07/09/2021 05:59:24 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა.
გახარიას ხედვით, მეტროს ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო უნდა იყოს.
„ის იდეა, რომელიც დაიბადა 2016 წელს ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროში, თბილისის მეტროს დაკავშირება რუსთავთან და დიდ დიღომთან, არის აუცილებელი. სანამ თბილისის მეტროს განვითარების სქემა სრულად არ იქნება ათვისებული, ჩვენ თუ გვინდა, ჩვენი მოქალაქეები გადმოვსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო, სანამ მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება დალაგებული. ამას, ამასთან ერთად სჭირდება შესაბამისი თანამედროვე ავტობუსების შესაბამისი რაოდენობა, 300 კი არა, 900. მეტრო არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეებში საზოგაოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზარდოს. მეტრო ახლა მიგდებული გვაქვს. მესმის, რომ ეს ძვირია“,– განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, დიდი დიღმის, ლილოს და რუსთავის მიმართულებით მეტროს განვითარებისთვის დაფინანსების მოძიებაც არის შესაძლებელი. გახარია თანხის მოძიების წყაროზეც ლაპარაკობს: „თბილისის ეკონომიკურად თვითკმარი ქალაქია და დროა, თბილისმა სუბორდინებული ბონდები გამოუშვას. თბილისმა უნდა დაიწყოს ფულის სესხება. ისე არა, რომ იაფ სესხზე, რომ უარს ვამბობს სისულელეების გამო“.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისს არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.


