Accentnews.ge
ვინ ელის სააკაშვილს: ოპოზიციონერი ლიდერების რეაქცია ექს–პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებაზე

ვინ ელის სააკაშვილს: ოპოზიციონერი ლიდერების რეაქცია ექს–პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებაზე

07/09/2021 08:00:37 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართვლოში დაბრუნება მორიგ ჯერზე დააანონსა. ამჯერად, მან საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩამოვა და იგივესკენ მოუწოდა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ოპოზიციაში სააკაშვილის ანონსს არც თუ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, „გირჩი მეტი-თავისუფლებას ლიდერი“ ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს დაპირება ლატარიის თამაშია, რომლის დროც ახლა არ არის.

"სააკაშვილს ვერავინ დაუშლის საქართველოში დაბრუნებას. სრულიად გასაგები სურვილია და თუ რამის მჯერა მისი საუბრებიდან, ისაა, რომ სამშობლოში დაბრუნება მართლა უნდა, მართლა ენატრება აქაურობა

ასევე მისი გადასაწყვეტია როდის, რა ფორმით, რა გზით და რა განწყობით დაბრუნდება.

მაგრამ:

  • როდესაც გესმის, რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე;
  • როდესაც გესმის, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად და ყოველი არჩევნების წინ ამ საფრთხობელათი მოახდინა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება;
  • როდესაც გესმის და თუ მართლა გჯერა, რომ ეს არჩევნები მართლა კრიტიკულია ქვეყნისთვის და მართლა გადარჩენა-რუსეთში დაბრუნების საკითხი წყდება;
  • როდესაც გესმის, რომ ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება და შენი დაბრუნების მორიგი დაპირება მინიმუმ ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უფრო უწყობს ხელს;
  • როდესაც, როგორც მინიმუმ, სახეზე გაქვს გასული წლების გამოცდილება და არავინ იცის ზუსტად, ახლა დაბრუნების დაპირება რა გავლენას იქონიებს ამომრჩევლების განწყობებზე;
  • ასეთ კრიტიკულ დროს, როცა ცოტაც და დასავლეთი დიდი ხნით ხელს ჩაიქნევს ამ ქვეყანაზე;
  • როცა ეს ყველაფერი გესმის და მაინც იმავეს აკეთებ, რაც თითქმის ყველა არჩევნების წინ გააკეთე - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ, სულ მინიმუმ და ლატარიის დროა ახლა?
  • თუ მართლა გააზრებული გაქვს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა ოქტომბერში?

ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია, გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც.

პ.ს. კუდები რომ არ მოებას ამ ტექსტს - ყველა შეთანხმება ძალაშია რომელიც არსებობს გირჩი - მეტ თავისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა პარტიებს შორის. გამარჯვების და გადარჩენის გზა გადის ერთობლივ ბრძოლასა და კოორდინაციაზე". - წერს ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქზე".

"ლელო"–ს" წევრი დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ უკვირს, „ქართული ოცნება“ სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს თვითმფრინავის გაგზავნას:

„მგონი, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. „ლელო“ არ აპირებს, ამ სახის თემებს აყვეს და გაყვეს. ჩვენი ამოცანაა, ამომრჩევლის მობილიზება. ეს განცხადებები ახალი არ არის. „ქართული ოცნების“ მიკვირს, მიხეილ სააკაშვილს რატომ არ სთავაზობს, რომ კი, ბატონო, თვითმფრინავს გიგზავნით, ჩამობრძანდიო? ის ხომ გასამართელებულია და ხელისუფლების ვალია, ყველა გასამართლებული პირი იყოს ციხეში. თუ ამბობს, ჩამოვდივარო, უნდა ჰკითხონ, სად ხარ, ჩამოგიყვანოთ, რომ ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და შემდეგ სხვა პოლიტიკური ამბავი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ ეხმარება:

„მესმის, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ვინ როდის და სად ჩამოვა იმ ადამიანის გადასაწყვეტია, ამაზე ვერავინ ვერაფერს ვიტყვით. მაგრამ, თუ მკითხავთ, არჩევნების წინ მისი ჩამოსვლა რამდენად სწორი დროა სტრატეგიულად და ტაქტიკურად, არასწორად მიმაჩნია ამ განცხადების გაკეთება, რადგან მილიონ 100 ათასი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ცვლილებას, ხოლო მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად ქვეყანაში დაბრუნებას მხარი დაუჭირა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა.

რატომ ვაკეთებთ ჩამოსვლაზე რეფერენდუმს, ჩემთვის გაუგებარია. სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს, შიშის ინსტინქტები წამოწიოს საზოგადოებაში და დააფრთხონ ადამიანები, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას“.

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ სააკაშვილი პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს, „პორშეთი“ დახვდება:

„მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ მას ახალნაყიდი ელექტრო „პორშეთი“ დავხდებით და პარლამენტში მოვიყვანთ. ამ ფაქტის მიმართ ცოტა სკეპტიკურები ვართ, მაგრამ ის ამ ნაბიჯს თუ გადადგამს, მზად ვართ, ჩვენი კოლეგა მივაცილოთ მის ოფისამდე, ან პარლამენტამდე.

არ მინდა, ჩვენს კოლეგებს თავი უხერხულად ვაგრძნობინო, მაგრამ ათეულზე მეტჯერ როცა იტყვი, ჩამოვდივარო და არ ჩამოდიხარ, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს შეიძლება, ეჭვი გაუჩნდეთ, რომ ამჯერადაც შეიძლება ვერ ჩამოვიდეს“.

განახლებადი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S