01-08-2019 16:05:13 ,
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა სასამართლოს საკითხზე საუბარი “ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე ლაპარაკს“ შეადარა. თემას 2–საათიანი ინტერვიუს დროს „რუსთავი 2“–ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია შეეხო. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ადეიშვილმა თავი აარიდა კონკრეტულ პასუხს, რატომ არ იმუშავა წინა ხელისუფლებამ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნისთვის, თუმცა მან ამ მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები აღიარა.
„სამართალს პოულობდა ხალხი?“,– ჰკითხა ადეიშვილს გვარამიამ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა კი უპასუხა: „ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა“.
გვარამია დაინტერესდა, რატომ მოიწყო ადეიშვილმა მისთვის „კომფორტული სასამართლო“
„შენ რომელმა სასამართლომ გაგამართლა და რომელ წელს?“,– ჰკითხა საპასუხოდ ადეიშვილმა, გვარამიამ კი უპასუხა, რომ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასაწყისში მოხდა. ადეიშვილი დაინტერესდა, ეს სადღეისოდ იქნებოდა თუ არა შესაძლებელი და გვარამიასგან მიიღო უარყოფითი პასუხი.
„დამოუკიდებელი სასამართლო იქმნება მაშინ, როდესაც ხდება ხელისუფლების ტრანსფორმაცია. პირველი წელი, როდესაც სასამართლო ჯერ ვერ მოტეხა ხელისუფლებამ, იღებდნენ გამამართლებელ განაჩენებსაც. გაიარეს არნახული ზეწოლა. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, აკონტროლოს სასამართლო, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ვერ გააკონტროლებს“,– აღნიშნა ადეიშვილმა.
„თქვენმა ხელისუფლებამ რატომ გადაწყვიტა, მათ შორის შენი მონაწილეობით? ხომ ისტორიული გარღვევა იქნებოდა, კარგი სასამართლოს შექმნა?“,– იკითხა გვარამიამ. ადეიშვილმა უპასუხა:
„კი და მაშინ სხვა გზით უნდა წავსულიყავით. ამ გზით იმიტომ არ წავედით, რომ ბევრი ახალი გზით უნდა გვევლო. ბევრი პრიორიტეტი გვქონდა: კორუფცია უნდა დაგვემარცხებინა, დაგვემარცხებინა კრიმინალი, საგარეო საფრთხეები ისე აგვერიდებინა თავიდან, რომ სახელმწიფო არ ჩამოშლილიყო და მეოთხე – ქვეყანაში რაღაცნაირად ყოფილიყო ბაზისური ინფრასტრუქტურა“.
„ამისთვის მართვადი სასამართლო იყო საჭირო?“,– დააზუსტა გვარამიამ.
„არა და ვაღიარებ, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ვერ გავაცნობიერეთ, ამას რამხელა მნიშვნელობა შეიძლებოდა, ჰქონოდა ... მეტი "ლიდერშიფი" სჭირდებოდა სასამართლოს. რაღაც ეტაპზე მცდელობა გვქონდა“,– აღნიშნა ადეიშვილმა, თუმცა გვარამიამ დაუზუსტა: „მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ინდიკატორს, რომ ხელისუფლებას სურდა და არ გამოუვიდა. მცდელობა იყო, მეც ჩართული ვიყავი, გასაუბრებებს გიჟებივით ვატარებდით, ასაკი 28 წლამდე ჩამოვწიეთ, მოვიდა ახალი ხალხი და შემდეგ ესენი გახდნენ შემსრულებლები, რაღაც ეტაპზე გადატყდა და ჩამოიმსხვრა. შენმა დანიშნულმა მოსამართლემ დღეს შენვე გამოგიტანა განაჩენი...“.
„ძალიან ცუდი იყო, რომ ევროპული სკოლის მოდელი გადავწიეთ, რომელიც ზრდის სასამართლო სისტემისთვის ლოიალურ, სოლიდარულ კადრებს. ჩამოყალიბდა კორპორაციად და სასამართლო იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, ძალიან საშიშია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ გავაკეთეთ ისეთი სისტემა, რომელიც უკან ვერ შემობრუნდებოდა, როგორც ვერ მოხდა იუსტიციის სახლების დატრიალება. მაინც ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ხაზი გაივლიდა სასამართლოზე კონტროლის ხელში ჩასაგდებად. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია, მას ის რეჟიმი შეექმნა, რომელიც ჩამოაყალიბა, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ შეგვეძლო, შეგვექმნა სასამართლო, რომელიც მეტხანს გაძლებდა და უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა, მათ შორის ჩვენი ხელისუფლებისგანაც“. თუ ვინმეა სასამართლო სისტემაში სამაგალითო, ესაა გიორგი პაპუაშვილი, კოტე ვარძელაშვილი, კიდევ რამდენიმე, მაგრამ გავიხსენოთ, რა ბრძოლები მიდიოდა მათ წინააღმდეგ. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. დამოუკიდებელი ადამიანებით რომ გაგვეძლიერებინა "ლიდერშიფი" და ეს მიგვეყვანა ბოლომდე, ეს დღეს უფრო რთული იქნებოდა“,– უპასუხა ადეიშვილმა. ხოლო კითხვაზე, რატომ არ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება, იუსტიციის მინისტრმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა: ვადები იყო და ასე არ ხდებოდა ეს ამბები“.