ლენტეხში გახარიას პარტია ოჯახის სამმა წევრმა დატოვა:" ნაციონალურ მოძრაობასთან" და მათ მოკავშირეებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება"
07/09/2021 11:53:02 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ლენტეხში ერთი ოჯახის სამმა წევრმა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამირდონი ბაბლუანი ავრცელებს.
"დღეს მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ გახარიას პარტია. საზოგადოებას მინდა მცირე განმარტებით მივმართო. ჩვენ ამ პარტიაში გავწევრიანდით ორი მიზეზის გამო - ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გახარია სრულ წინააღმდეგობაში იქნებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან და ის არასოდეს დაუპირისპირდებოდა რეჟიმისგან ქვეყნის განმათავისუფლებელს, ბიძინა ივანიშვილს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის არის უკიდურესად მიუღებელი. აშკარაა, რომ გახარიას და ნაცების გზები იკვეთება, ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს დაუყენა კანდიდატურა და ამით ნაცმოძრაობის წისქვილზე დაასხა წყალი. შეიძლება ბევრ ადამიანზე ვიყო განაწყენებული, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ მოკავშირეებთან ჩვენ არაფერი გვესაქმება!" - წერს ბაბლუანი.
ცნობისთვის: ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სიის მეოთხე ნომერმა, ლალი ტვილდიანმა მიმართა. ამასთანავე პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს მისმა მეუღლემ, ამირდონ ბაბლუანმა და შვილმა, ლაშა ბაბლუანმა. მათ ასევე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე.


