კობახიძე – აშშ-ისა და EU-ს საელჩოების კრიტიკაზე: "როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს"
08/09/2021 06:18:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების კრიტიკას, გენპროკურორის არჩევის წესის ჩაგდებაზე იმით პასუხობს რომ დიპლომატიურ მისიებს ამ საკითხზე კომპეტენტური ინფორმაცია არ აქვთ.
რუსთავი 2-ზე გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი.
"როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველა მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, 2-ჯერ ორი ოთხია, რომ ეს ნორმა აფუჭებდა რეგულაციას, რაც გვაქვს დღეს განსაზღვრული, აუარესებდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, ყოველთვის ღია ვართ ამისთვის, ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი, ბუნებრივია, ელჩები თავად ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევის წესზე უარს თქმა რიგით მესამე წარუმატებლობაა", რაც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.
"ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს", - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1 მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.


