ზარქუა– აშშ-ისა და EU-ს საელჩოების კრიტიკაზე: “აცდენილია რეალობას“
08/09/2021 07:17:24 პოლიტიკა
აცდენილია რეალობას,– ასე აფასებს მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის და აშშ–ის საელჩოების შეფასებას გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების ჩაგდების თაობაზე.
„ერთი ნიუანსი, რომელიც არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ გვხვდება, რომ ოთხმოცდაათი ხმით, ანუ კვალიფიციური უმრავლესობით იყოს გენპროკურორი არჩეული და ისიც 2026 წელს, ამაზე იყო საუბარი. ახლა ამის გამო ასეთი მკაცრი შეფასება, ჩემის აზრით, აცდენილია რეალობას და ვისურვებდი, მეტი პატივი ვცეთ კონსენსუსს, რაც შედგა. თუ თემა არის, რომ ვიღაცამ პირობა გატეხა, ეს მოკითხონ ოპოზიციას, რადიკალურ ოპიზიციას სამი თვე რომ ველოდებოდით მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას, ასეთი მკაცრები არ ყოფილხართ მაშინ და არც გითქვამთ, სადაც სხვათაშორის, გეკუთვნოდათ, უფრო კრიტიკულები და უფრო მომთხოვნი ყოფილიყავით ოპოზიციის მიმართ. არც მაშინ ყოფილხართ, როდესაც მაგალითად, დღეს არარსებულ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა რადიკალურმა ოპოზიციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ უკვე ამნისტიას მხარიც არ დაუჭირა. მე ვისურვებდი მეტ ობიექტურობას, რადგან ამას უყურებს მოსახლეობა, ქართველი ხალხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენი მომავალი, ჩვენი განვითარება უკავშირდება ევროსტრუქტურებს, ევროკავშირს, ევროატლანტიკურ სივრცეს, თუმცა სამართლიანობას მოსახლეობა ყოველთვის მოითხოვს და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით დასავლელი მეგობრებისგან – მხარდაჭერასა და სამართლიანობის განცდას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ზარქუა ირწმუნება, რომ მმართველი პარტია, როგორც არასდროს, ისეა ღია და გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესებისთვის.
ზარქუას თქმით, დღეს კონსენსუსი შედგა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და 126 ხმით გავიდა პირველი საკონსტიტუციო ცვლილება, სადაც მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას, შემდეგი ორი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასა და ფრაქციების შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ოთხამდე შემცირებას:
„მგონი, ცოტა გადაჭარბებულია და უკაცრავად, ბატონებო, მაგრამ იქნებ, ჩახედოთ, რა თემაზეა საუბარი. დღეს კონსენსუსი შედგა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და 126 ხმით გავიდა პირველი საკონსტიტუციო ცვლილება, სადაც მმართველი პარტიისგან მხარი დაეჭირა ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას. იცით თქვენ, ჩვენ რომ ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის პლურალიზმი, მეტი ღიაობა, დემოკრატია და ა.შ. – ორ პროცენტამდე დავიყვანეთ. მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მხარდაჭერა მმართველი პარტიიდან – ორი შემდეგი არჩევნები იქნება წმინდად პროპორციული. მესამე მნიშვნელოვანი არის, რომ ფრაქციების შექმნა უკვე ოთხ ადამიანამდე ჩამოვიყვანეთ. ეს მიუთითებს კიდევ იმაზე, რომ მმართველი პარტია, როგორც არასდროს, ისეა ღია და გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესებისთვის“.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევის წესზე უარს თქმა რიგით მესამე წარუმატებლობაა", რაც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.
"ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს", - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 1 მოსმენით მიიღო, თუმცა პროექტს კენჭი გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე უყარეს.


