MH17-როგორ უკლავს გულს კრემლის დეზინფორმაციის კამპანია 298 დაღუპული ადამიანის ოჯახებს

10-09-2021 11:36:45 ანალიზი

ჰააგის სასამართლოში დონბასთან 2014 წელს ჩამოგდებული „მალაიზიური ბოინგის“ საქმეზე სხდომები განახლდა. პროცესის ამ ნაწილში მსხვერპლთა ოჯახის წევრების მოსმენები იმართება. მათ მოსამართლეების წინაშე საკუთარ გრძნობებზე და მომხდარის მიმართ დამოკიდებულებაზე საუბარი შეუძლიათ. ყველა მათგანი თავშეკავებით ლაპარაკობს იმაზე, რაზეც უკვე შვიდი წელია რუსული დეზინფორმაცია დუმს. ყველა მათგანს სურს მოუყვეს მსოფლიოს თუ როგორ გადაიტანეს ტრაფედია. ისინი 298 სასტიკად დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრები არიან.

„მალაიზიური ავიახაზების“ ბოინგი, რომელიც კუალა ლუმპურში მიფრინავდა, 2014 წლის 17 ივლისს უკრაინელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უამრავი ბავშვი იყო. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა ურთულესი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ თვითმფრინავი სარაკეტო კომპლექს „ბუკიდან“ გასროლილი რაკეტით პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს, ხოლო უშუალოდ სარაკეტო დანადგარი რუსული სამხედრო დივიზიიდან იყო გატანილი.შესაბამისად, ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე, გამოძიების მიერ გამოკვეთილი 4 ბრალდებულია. ესენი უკრაინელი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები ოლეგ პულატოვი, იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ლეონიდ ხარჩენკო არიან. ნიდერლანდების პროკურატურა მიიჩნევს, რომ სწორედ მათ გადმოიტანეს კურსკში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან სარაკეტო დანადგარი „ბუკი“, რომლიდანაც სავარაუდოდ შეცდომით იქნა ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგი. თუმცა, დღემდე, ბრალდებულებიდან არცერთი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და არც ჰააგის სასამართლოსთან არ თანამშრომლობენ.

საერთაშორისო გამოძიებაზე დაყრდნობით, დაღუპულთა ოჯახებმა აქამდეც ღიად დაადანაშაულეს რუსეთი სიცრუის გავრცელებაში „ბოინგის“ ჩამოგდებასთან დაკავშირებით. კრემლი ხომ დღემდე უარყოფს იმ სამხედრო თუ ფინანსური მხარდაჭერის გაწევას უკრაინელი სეპარატისტებისთვის, რომელმაც ამხელა ტრაგედია გამოიწვია. საერთაშორისო გამოძიების საპირწონედ მოსკოვმა დეზინფორმაციის და პროპაგანდის ქარიშხალი დაატრიალა. თუმცა, „მალაიზიური ბოინგის“ მსხვერპლთა ოჯახებმა ვლადიმერ პუტინს ღია წერილიც კი მისწერეს, რომელშიც მას მოუწოდეს აღიაროს რუსეთის როლი ამ ტრაგედიაში. „აქ იმისთვის არ ვართ, რომ რუსეთის ფედერაცია 298 მგზავრის მკვლელობაში დავადანაშაულოთ.სასამართლომ ჯერ კიდევ უნდა განსაზღვროს ვინ აგებს პასუხს. თუმცა, ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას იმაში ვადანაშაულებთ, რომ ის ამასთან საკუთარ შემხებლობას უარყოფს.“-ნათქვამი იყო წერილში.

ჰააგის განახლებულ სასამართლო სხდომაზე პირველები ავსტრალიელი ძმები წარდგნენ, რომლებმაც ავიაკატასტროფის შედეგად მშობლები დაკარგეს. მათ ვიდეო მიმართვა ჩაწერეს. ერთ-ერთმა ძმამ თქვა, რომ არასოდეს შეძლებს რუსეთის და მათ პატიებას, ვინც პასუხისმგებლები არიან. მანაც და სხვა დაღუპულების ნათესავებმაც განსაკუთრებული აქცენტი დეზინფორმაციის იმ წარმოუდგენელ ნაკადზე გააკეთეს, რომელსაც რუსეთი უკვე მეოთხე წელია ავრცელებს. მოსმენების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როდესაც უფროსმა ძმამ-დევიდმა მამის საქორწინო ბეჭედი წარადგინა. ის მთლიანად დეფორმირებული იყო და ბეჭდის ფორმა ჰქონდა დაკარგული. „რთულია ამას უყურო, ეს არის ვიზუალური მაჩვენებელი იმისა, თუ რა მოხდა, და იმ მდგომარეობისა, რომელშიც მამაჩემი აღმოჩნდა.“ მან რუსეთი „დეზინფორმაციის კამპანიაში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ უკვე ეს არის თავისთავად დანაშაული.“

ასევე, სასამართლოზე ნიდერლანდების მოქალაქეების ნათესავებიც გამოვიდნენ. „ბოინგის“ ბორტზე გარდაცვლილთა უმრავლესობა სწორედ ჰოლანდიელები იყვნენ. ასაკოვანმა ვან დორნებმა კატასტროფაში ოჯახის ოთხი წევრი დაკარგეს-ქალიშვილი, მისი მეუღლე და ორი შვილიშვილი-12 წლის მირა და 10 წლის ისა. ბებიამ თავის შვილიშვილებზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა. ყოფილ ბანკირს, ჰანს დე ბორსტს ამ ტრაგედიამ 17 წლის ქალიშვილი წაართვა. მამამ სასამართლოზე მისი პორტრეტი მოიტანა. მისი თქმით, რუსეთზე გაბრაზებული არ არის, მაგრამ „დეზინფორმაციის კამპანია“ მას გულს უკლავს და უნდა საბოლოოდ მაინც გაირკვეს სიმართლე. სიმართლის გარკვევა ყველა დაღუპულის ოჯახების მთავარი სურვილი და მიზანია.

ჰააგის სასამართლო სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, განაჩენს 2022 წლის ბოლოს გამოიტანს. მანამდე კი, დაღუპულების ახლობლები კიდევ მრავალჯერ დადგამენ 298 ცარიელ თეთრ სკამს რუსეთის საელჩოს წინ როგორც შეხსენებას იმისა, თუ რას ფიქრობს მსოფლიო კრემლის და მისი მხარდაჭერილი სეპარატისტების ნამოქმედარის შესახებ.

ბორის ნემსაძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები