გომელაური დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
16/09/2021 07:33:19 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - კარლ ჰარცელთან, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებათნ შეხვედრა გამართა. კერძოდ, შსს–ს პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთის სამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები.
ოფიციალური რელიზის მიხედვი, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც რელიზში ვკითხულობთ, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს",– განაცხადა გომელაურმა.
რელიზიდან ირკვევა, რომ საუბრის თემა 5–6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიც იყო:
"შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შესახებ".
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
რელიზში არაა ნახსენები, შეეხო თუ არა საუბარი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბულ სკანდალს – "სუს–ის ფაილებს", რომელშიც მათ შორის, დიპლომატიური მისიების მიყურადებაზეა საუბარი.


