ევროპარლამენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს, უარი თქვას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების აღიარებაზე

16-09-2021 13:34:41 ევროპა

ევროპარლამენტმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიმართ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა. დოკუმენტი რუსეთის ხელისუფლებისადმი მკაცრ რიტორიკას, სანქციების გამკაცრებისკენ მოწოდებებსა და სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარების შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს ამ რეკომენდაციებით ხელმძღვანელობას არ ავალდებულებს.

მას 494-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 103-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 72-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში მოყვანილია რუსეთში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები, მათ შორის - ყირიმის ანექსია, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონი, ალექსეი ნავალნის მოწამლვა და შემდგომი დაპატიმრება, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიები, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დივერსიები და სხვა.

ამასთან, რუსეთი დოკუმენტში მოხსენიებულია "ევროპის კონტინენტის განუყოფელ ნაწილად, რომელსაც ევროკავშირთან ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური კავშირები გააჩნია და აქვს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების პოტენციალი".

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს განსხვავებას რუსეთის მოსახლეობასა და პუტინის რეჟიმს შორის, რომელსაც "მასტაგნირებელ ავტორიტარულ კლეპტოკრატიად" მოიხსენიებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეკომენდაციები მიმართულია რუსეთის ხელისუფლების და არა ხალხის საწინააღმდეგოდ და შესაბამისად, შემოთავაზებული სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს როგორც კრემლის მოქმედების შეკავებას, ისე რუსეთთან დიალოგს, ქვეყანაში თავისუფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერასა და ამავდროულად, ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს უსაფრთხოების დაცვას.

ევროპარლამენტარების აზრით, რუსეთის ხელისუფლებასთან შესაძლებელია დიალოგი, კერძოდ - საკითხებში, რომლებიც ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ისეთი საკვანძო ფასეულობების ხარჯზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთის SWIFT-ის სისტემისგან გათიშვისკენ მოუწოდოს და უარი ითქვას გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ექსპლუატაციაზე. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის აღმსრულებელ სტრუქტურებს, განიხილონ შესაძლებლობა, რუსეთი ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანონ და მოამზადონ სანქციები პუტინთან დაახლოებული მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ "ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიული ძალებისადმი სისტემური რეპრესიების გამო". ამავდროულად, დოკუმენტში განიხილება შესაძლებლობა, განმტკიცდეს თანამშრომლობა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძოდ, რუსი სტუდენტების ევროკავშირში სწავლის, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივების, რუსეთიდან პოლიტდევნილების დახმარების, "თავისუფალი რუსული ტელევიზიის" ჩამოყალიბების კუთხით.

დოკუმენტში საუბარია ასევე ბორის ნემცოვისა და ალექსეი ნავალნის ქეისების გამოძიებაზე.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარების აზრით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთი საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებიდან გარიცხოს, თუ ქვეყანაში მიმდინარე თვისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ფალსიფიცირებულად და არადემოკრატიულად ჩაითვლება. რეკომენდაციების ავტორები გმობენ პუტინის სწრაფვას, ქვეყნის მართვის სადავეებთან 2024 წლის 7 მაისის შემდეგაც დარჩეს, როცა მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადა იწურება.

  • ცნობისთვის: სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები რუსეთში 17-19 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ევროპარლამენტის პირველი მსგავსი დოკუმენტი არაა, თუმცა როგორც წესი, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები შემდგომში რუსეთის მიმართ ბევრად უფრო ლოიალურ პოლიტიკას ატარებენ.

Новости

Другие новости