თბილისში "სისხლიანი" ბანერები გამოჩნდა
18/09/2021 10:56:47 პოლიტიკა
"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - თბილისის ქუჩებში წინასაარჩევნოდ ახალ ბანერებს აკრავენ, რომელზეც მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული სისხლის შხეფების ფონზე.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნეგატიური კამპანიისგან დისტანცირებას ცდილობს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ "რეაგირება არ ექნება":
"რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. არის კომპანია "ალმა", გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრება არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულაბა და არანაირი უფლება არ აქვს. რაც არის გამოკრული, მოგწონთ? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ საარჩევნო კლიპები რაც არის - შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. აი, ეს ხართ თქვენდ ა ძალიან სამწუხაროა. ქართული ოცნება და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ ოპონენტის ან ვინემს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს".
ცნობისთვის: ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ოპოზიცია ბათუმის მერიასა და ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში სავარაუდოდ არსებულ კორუფციაზე საუბრობდნენ: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანია "ალმამ" ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო ბანერების განთავსების უფლება 30 წლის ვადით, 4 მილიონ 100 ათას ლარად მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის ბიუჯეტში კომპანიამ ყოველთვიურად, დაახლოებით, 11 ათას ლარზე მეტი უნდა შეიტანოს.
ოპოზიციური პარტიის წევრი "ალმას" შეეხმიანა და ავტობუსებზე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის სარეკლამო ბანერის განთავსება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.


