Accentnews.ge
სახალხო დამცველი: "საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

სახალხო დამცველი: "საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

19/09/2021 20:00:25 პოლიტიკა

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თქმით, სუს-იდან გამოჟონილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში "ტოტალური მოსმენებია".

"გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, შოკში ჩამაგდო: ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად, რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე", - თქვა ლომჯარიამ პალიტრანიუსის ეთერში.

ლომჯარია ამბობა, რომ ჩანაწერებში საკუთარი თავიც ამოიცნო და ადასტურებს იმ საუბარს, რომელიც მასალებშია.

ლომჯარიას თქმით, მოსმენების მიზანი, ალბათ, შეგროვებული მასალებით ადამიანების კონტროლია.

"მიზანი, ალბათ, არის ის, რომ ყველა პირის შესახებ, მათი ყველაზე სუსტი წერტილების თუ კავშირების შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, თუ ოდესმე, რამეში გამოადგებათ, სავარაუდოდ, ეს პოლიტიკური მიზანია, გამოიყენებენ", - თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე, როგორც სახალხო დამცველი, რას იტყოდა, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ის პასუხობს: "საშინელ, საშინელ ქვეყანაში, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი".

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S