ირაკლი კობახიძე: "გახარიას მთავარი პრობლემა არა ნარკოდამოკიდებულება, არამედ ისაა, რომ ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და მელიასთვის გადადგა"
20/09/2021 14:52:38 პოლიტიკა
ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და ნიკა მელიასთვის თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ნარკოტესტი არა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში, არამედ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა, რომელსაც „სკანდალი უკავშირდება“.
„რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებას, არ ვიცი, კიდევ რამდენს ხანს შეიძლება ამაზე საუბარი. პრაქტიკულად, მან საზოგადოებას მისცა აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს. როდესაც არ მივიდა სამხარაულის ბიუროში, გაექცა ამ ყველაფერს, მერე გაუგებარ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა ტესტი. ერთადერთია მთელ ევროპაში ეს კლინიკა, რომელსაც ტესტირებასთან დაკავშირებით სკანდალი უკავშირდება, ასეთ დროს ყველაფერი დღესავით ნათელია.
ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მას შემდეგ გავიგეთ, რაც კალაძემ გააჟღერა თავისი ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მას აქვს ეს პრობლემა. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ამ პრობლემიდან და ნებისმიერი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ერთ რამეს ვიტყვი-ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა და ნიკა მელიასთვის თანამდებობიდან გადადგა. ამაზე მეტი პრობლემა ნარკოდამოკიდებულება ვერ იქნება“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 17 სექტმბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“.
18 სექტემბერს პარტიამ „საქართველოსთვის" გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გახარიას ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩაუტარდა:
„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი".
საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.


