კობახიძის მტკიცებით, გახარიამ კოკაინის მოხმარება ოცნების დატოვების შემდეგ დაიწყო
20/09/2021 15:40:21 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ექს–პრემიერი გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია და აცხადებს, რომ მან კოკაინის მოხმარება პარტიიდან წასვლის შემდეგ დაიწყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ „არათუ არ შეგვიმჩნევია, ეს პრობლემა მას არ ჰქონია მაშინ“ და ნარკოდამოკიდებულება დაიწყო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია, კობახიძის თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირდა.
„როდესაც თავისი საქმიანობითა და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა,“ – ამბობს კობახიძე და ამატებს, რომ გახარიას, ნარკოტიკული საშუალებები მიუტანეს.
ცნობისთვის: 17 სექტმბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“.
18 სექტემბერს პარტიამ „საქართველოსთვის" გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გახარიას ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩაუტარდა:
„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი".
საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.


