დეკანოიძე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიისგან "სისხლიან" ბანერებზე რეაგირებას ითხოვს
21/09/2021 10:49:26 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა.
პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ "სისხლიანი" ბანერების გაკვრას აპროტესტებს და საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კოდექსის ფარგლებში რეაგირებას სთხოვს.
"სარჩელი შეგვაქვს ერთიანი ოპოზიციის სახელით, რადგან ქუთაისში ყოველდღე იმატებს ზიზღის და აგრესიის შემცველი ბანერები, მათ შორის ერთი გუშინ დაამატეს. ერთი ფაქტიც მინდა მოვიყვანო, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ არაფერი იცის ბანერების შესახებ, მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ აქტივისტებმა ამ ზიზღის ბანერს გადააფარეს ბანერი მოწოდებით „მოდით რეფერენდუმზე!“, ცოტა ხანში საპატრულო ეკიპაჟმა და სამაშველო სამსახურმა, მუნიციპალიტეტის სამსახურების ჩართულობით, მოხსნეს აქტივისტების ბანერი, რაც ნიშნავს, რომ ჩართულია სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი და მერია ამ ზიზღის ბანერების განთავსებაში. გარდა იმისა, რომ დარღვეულია საარჩევნო კოდექსი, ამ ბანერების გაკვრით, ირღვევა ადამიანის უფლებები, ბავშვის უფლებები, როდესაც მოზარდები მას უყურებენ", - ამბობს დეკანოიძე.
როგორც ის აცხადებს, ბანერის გაკვრით დარღვეულია საარჩევნო კოდექსის არაერთი მუხლი, რომელთა მიხედვით, ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი არ უნდა იყოს ანონიმური და ა.შ.:
"მივმართავ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, დაუშვებელია საარჩევნო მოწოდება შეიცავდეს ზიზღის და აგრესიის პროპაგანდას, ეს წერია კანონში და არის მნიშვნელოვანი დარღვევა. ამიტომ მოვუწოდებ, კომისიამ დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი წარმომადგენლის მიერ შეტანილი საჩივარი და საზოგადოებას საჯაროდ გააცნოს პოზიცია".
ამ საკითხზე ცესკოს საჩივრით მიმართა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. ისიც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეაგირებას ითხოვს.


