წულუკიანი – „სისხლიან" ბანერებზე: "შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ"
21/09/2021 13:39:39 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „სისხლიან" ბანერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოპოზიციისთვის მოსაწონი იქნება:
„ოპოზიციის ფლანგი, ოპოზიციური, მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, რომ ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი. შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, წარსული არავინ უნდა დაივიწყოს, ყველამ კარგად უნდა შეხედოს ბილბორდებს და გაიხსენოს, რა არ უნდა:
„ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, რომ ეს წამალივით არის, რომ შევხედოთ ყველამ კარგად ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, იმიტომ, რომ წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ და წარსული არასდროს არავინ არ უნდა დაივიწყოს - არც ცუდი და არც კარგი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება – ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო, ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბოლო რამდენიმე დღეა თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსდა "სისხლიანი ბანერები", რომელზეც ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულები.


