კობახიძე – ივანიშვილზე: "განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ"
21/09/2021 17:10:12 პოლიტიკა
მმართველი პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილთან კომუნიკაცია ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდათ.
„იანვარში, ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა სრული დისტანცირება პოლიტიკისგან. როდესაც წინა შემთხვევაში, პოლიტიკიდან პირველად გასვლის შემთხვევაში მან გააკეთა თავისი პოლიტიკური განცხადება, მაშინ აღნიშნა, რომ კონსულტაციებით გუნდს დაეხმარებოდა. როდესაც მეორედ გააკეთა განცხადება, მან თქვა, რომ არავითარი ფორმით, მათ შორის, არც კონსულტაციების ფორმით არ იქნებოდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, პასუხი არის უმარტივესი, ეს პასუხი გაგეცით გუშინ, გუშინწინაც, იმის წინაც. ბოლო კომუნიკაცია ჩვენ, ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, იქიდან გამომდინარე, რომ მან პოლიტიკური პროცესები იანვარში დატოვა. განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი. არ გვაქვს კომუნიკაცია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" მიღწევებზე საუბრობს.


