22-09-2021 00:29:30 პოლიტიკა
21 სექტემბერს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირელ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.
განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრის გუნდი ამ გადაცემას თვალყურს პირდაპირ ეთერში ადევნებს და გთავაზობთ ძირითადი განცხადებების გადამოწმებას.
ანა ბიბილაშვილი:საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
ვერდიქტი:„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბიბილაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
2020 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა (1000 ცოცხლადშობილზე) 9.3 პრომილე შეადგინა. გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფის IGME მონაცემებით, ევროპის რეგიონში [SDG regions] 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი საშუალოდ 4.7 პრომილეა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია. საქართველოს მაჩვენებელი ასევე აღემატება, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში [UNICEF regions], რომელიც მოიცავს მათ შორის საქართველოს, 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი 8 პრომილეა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ აღემატება და არა 3-ჯერ, როგორც ამას ანა ბიბილაშვილი აცხადებს. ამასთან, ის უგულებელყოფს ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მხრივ არსებულ დადებით ტენდენციას. ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 11.1 პრომილედან 9.3 პრომილემდე შემცირდა. (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1:საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, 1000 ცოცხლადშობილზე [1]