factcheck:"ზაზა ხატიაშვილმა ლგბტ თემთან დაკავშირებით მანიპულაციური განცხადება გააკეთა"

22-09-2021 00:43:23 პოლიტიკა

21 სექტემბერს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირელ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრის გუნდი ამ გადაცემას თვალყურს პირდაპირ ეთერში ადევნებს და გთავაზობთ ძირითადი განცხადებების გადამოწმებას.

თბილისის მერობის კანდიდატის ზაზა ხატიაშვილის განცხადება: ძალიან დიდი პრობლემაა ის ლგბტ პროპაგანდა, რომელიც მიდის თბილისში. თქვენ კარგად იცით, რომ გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და როცა თბილისის მერიამ იცოდა, რომ შესაძლო იყო ესკალაცია მხარეებს შორის, მას უნდა მიეღო ყველა ზომა ადამიანებს შორის დაპირისპირება აცილებისთვის.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა ხატიაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონების მიხედით, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიული საზოგადოების საჭიროებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გამო. თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება გავრცელდეს უმცირესობების მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე. ღირსების მარშის მიზანი, უმცირესობათა მიმართ ცნობიერების ამაღლება და ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლა იყო. აღნიშნული ვერ იქნება დემოკრატიული საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი. შესაბამისად, თბილისის მერიას მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება კანონიერი ვერ იქნება. მეტიც, ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, თუ სხვადასხვა მანიფესტაციებს შორის, დაპირისპირება გარდაუვალია, მაშინ სახელმწიფო იმ ჯგუფს უზღუდავს უფლებას, რომლის მხრიდანაც ძალადობის საფრთხე მომდინარეობს.

ანალიზი:

2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამრათულ დებატებში სიტყვით გამოსვლისას, „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში ლგბტ პროპაგანდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მერიას უნდა მიეღო ღირსების მარშის გამოხატვის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება - „ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემაა ის ლგბტ პროპაგანდა, რომელიც მიდის თბილისში. თქვენ კარგად იცით, რომ გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და როცა თბილისის მერიამ იცოდა, რომ შესაძლო იყო ესკალაცია მხარეებს შორის, მას უნდა მიეღო ყველა ზომა ადამიანებს შორის დაპირისპირება“.

შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა, მხოლოდ, მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამგვარი შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის არის საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, ღირსების მარშის გაცხადებულ მიზნებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა წარმოადგენს. დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი, სწორედ სხვადასხვა ნიშნით უმცირესობების უფლებათა დაცვაა. ეს გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზება უზრუნველყოს. უმცირესობების მიმართ საზოგადოების ფართო მასებში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება, არ შეიძლება გახდეს თავად ამ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის საფუძველი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, სტატია 2).

შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვისას, შეზღუდვით დაცული სიკეთე, შეზღუდვით მიყენებულ ზიანს უნდა აღემატებოდეს. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის კრიტიკულად საჭირო ისეთი სიკეთე, რომელიც გაამართლებდა კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის უფლებათა შეზღუდვას. ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები, მათსავე სუბიექტურ აღქმებს, ირაციონალურ შიშებსა და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიუღებლობას ემყარება. აღნიშნული ვერ ჩაითვლება ისეთი მნიშვნელობის სიკეთედ, რომელიც სხვა ადამიანების უფლებათა შეზღუდვის საფუძველს შექმნიდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის არცერთი წინაპირობა ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით, არ არსებობს. შესაბამისად, ზაზა ხატიაშვილის მტკიცება, რომ მერიას ღირსების მარშის გამოხატვის უფლება, დემოკრატიული საზოგადოების საჭიროების არგუმენტით უნდა შეეზღუდა, არის ფაქტებით მანიპულირება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები