კასპაროვი: "დღეს ტრამპის ადმინისტრაციაში ძალთა ბალანსი ოლიგარქიული ტექნო-ბაბლის მხარესაა გადახრილი, თუმცა ვითარება მუდმივად და სწრაფად ცვალებადია"

06-03-2025 21:23:34 ანალიზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, ანალიტიკოსი გარი კასპაროვი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "მართალია, დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ძალთა ბალანსი ოლიგარქიული ტექნო-ბაბლის მხარესაა გადახრილი, თუმცა ვითარება მუდმივად და სწრაფად ცვალებადია".

როგორც კასპაროვმა დამოუკიდებელ ტელეკომპანია "დოჟდთან" ინტერვიუში განაცხადა, კონგრესში დონალდ ტრამპის ამასწინანდელმა სიტყვით გამოსვლამ და დარბაზის რესპუბლიკური ნაწილის რეაქციამ ბევრს საბჭოეთი გაახსენა, თავად სიტყვის შინაარსი კი უფრო წინასაარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე პრეზიდენტის მიერ ერთთვიანი საქმიანობის შეჯამებას და აშკარად მხოლოდ რესპუბლიკელი მხარდამჭერებისადმი იყო მიმართული.

"ტრამპის სიტყვა ძალიან ჰგავდა ბრეჟნევისა და კასტროს სტილის ერთგვარ ნაჯვარს, დარბაზის რესპუბლიკური ნაწილის გაუთავებელი მქუხარე ტაში და აღფრთოვანებული შეძახილები კი ერთი-ერთში საბჭოეთის სურათი იყო, დროდადრო - სტალინის დროინდელი ჩანართებით. ამასთან, ტრამპის სფიჩი მხოლოდ მის მხარდამჭერ რესპუბლიკელებზე იყო გათვლილი: იგი თავს იწონებდა "არნახული მიღწევებით" და დროდადრო უხეშად ლანძღავდა დემოკრატ ოპონენტებს, რომლებიც საპროტესტო პლაკატებით ხელში მდუმარედ უსმენდნენ. ანუ, ტრამპი არც კი ცდილობს, პოზიციონირებდეს ერის გამაერთიანებლად - სახეზეა პარტიული დიქტატურა და ტრამპის ადმინისტრაცია ამას დიდად არც მალავს" - ამბობს კასპაროვი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რესპუბლიკელებს მეტი ხმა აქვთ, თუმცა არცთუ დიდად და როგორც კი ტრამპის რეიტინგი დაიწევს, რაც გარდაუვალია და ამის ტენდენცია უკვე შეინიშნება, ვითარება შეცვლას დაიწყებს:

"საქმე ისაა, რომ მთელი ეს ისტერიკა და ეიფორია რეალურად, მხოლოდ შირმაა რაიმე მწყობრი, ჩამოყალიბებული სამოქმედო პროგრამის არარსებობის შესანიღბად. რომ გადავხედოთ ტრამპის გუნდის ერთთვიან შედეგს, ნგრევას უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე რაიმე რეალურ მიღწევას - "არნახულ მიღწევებზე" ხომ საუბარიც ზედმეტია. ასე, მაგალითად, როგორ უნდა მოინდომო ადამიანმა, ერთ თვეში გადაიმტერო კანადელები, რომლებიც აშშ-ის ტრადიციული უახლოესი მოკავშირეები იყვნენ, ახლა კი ამერიკას ლამის მთავარ საფრთხედ განიხილავენ?! ".

რაც შეეხება უკრაინას, რომლის თემატიკა ტრამპმა თავის რეკორდულად გრძელ სიტყვაში მხოლოდ გაკვრით ახსენა, კასპაროვის აზრით, ტრამპს აუცილებლად სჭირდება რაღაც გარიგება - ეს აშკარაა, თუმცა მის ადმინისტრაციაში არ არის ერთიანი პოზიცია უკრაინა-ევროპა-ნატო-რუსეთის მთელს კონსტრუქციასთან დაკავშირებით:

"თავად ტრამპი პუტინთან დაახლოებისკენ იხრება, რა მიზეზით - დანამდვილებით არ ვიცით და ნუ ვისპეკულირებთ, მისი ადმინისტრაციის ე.წ. ტექნომეომართა ფრთა (ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, ილონ მასკი, ტრამპი-უმცროსი - ანუ მთელი ეს ოლიგარქიული "ტექნო-ბაბლი") კი უკრაინას ერთგვარ წინაღობად განიხილავს ციფრული ტექნოლოგიებისა და ამერიკის სამხედრო თუ ტექნოლოგიური სიძლიერის გამოყენებით საკუთარი მსოფლიო ბატონობის დამყარების გზაზე. თუმცა რესპუბლიკელების უმრავლესობა აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ მტრად კვლავინდებურად რუსეთს მიიჩნევს. შესაბამისად, მიდის ამ ორ პოზიციას შორის ერთგვარი ბალანსის გამუდმებული ძიება. ამჟამად, პუტინისადმი ტრამპის (რბილად რომ ვთქვათ, უცნაური) ლტოლვის გამო ეს ბალანსი რუსეთთან დაახლოებისკენაა გადახრილი, თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არაა და თვალნათლივ ვხედავთ რყევებს. ვენსმა, უნდა ითქვას, ბრწყინვალედ შეასრულა თავისი როლი ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან კონფლიქტის პროვოცირებისთვის და ეს უკვე ნახსენები ოლიგარქიული "ტექნო-ბაბლის" დიდ გამარჯვებად იქცა, თუმცა კულისებსმიღმა მოლაპარაკებები გრძელდება და მათი შედეგების პროგნოზირება ჯერ კიდევ რთულია. რაც დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, ისაა, რომ უკრაინისთვის ამ ეტაპის გავლა მარტივი არ იქნება - ამას მოწმობს თუნდაც აშშ-ის მიერ კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტის შესახებ სიახლეც. მაგრამ რამდენად გრძელვადიანი იქნება ტრამპის ეს გადაწყვეტილება - საკითხავია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, რესპუბლიკელებშიც უმრავლესობა ამ ომში ცალსახად უკრაინას უჭერს მხარს და ნამდვილად არაა მზად, რუსეთის მოკავშირედ "გადაკეთდეს". ასე, რომ მე პირადად ამ ყველაფერს ტრაგედიად არ აღვიქვამ და ვითვალისწინებ, რომ ვითარება მუდმივად, თანაც უსწრაფესად ცვალებადია".

უკრაინის თემის მიღმაც, კასპაროვის შეფასებით, რესპუბლიკელთა უდიდესი ნაწილის ხსენებული პოზიცია ერთგვარად ბოჭავს ტრამპის პირად ლტოლვას რუსეთთან დაახლოებისკენ და სავარაუდოდ, გარკვეულ ეტაპზე ეს ფაქტორი შეიძლება, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის პირად ინტერესს, ანალიტიკოსის აზრით, ის "საკმაოდ მარტივად განჭვრეტადია, ტრივიალური და ფულადი სარგებლის მიღებაში მდგომარეობს":

"კონკრეტული ფინანსური ინტერესები კარგად გამოჩნდა ამასწინათ ერ-რიადში ამერიკულ-რუსული მოლაპარაკებების დროსაც. საერთოდაც, ტრამპის საუბრები რომ ყოველგვარი ზედმეტი მიდებ-მოდებისგან დავწმინდოთ, დაგვრჩება სწორედ ეს - რაც შეიძლება, მეტი ფულადი სარგებლის მიღების ინტერესი, თანაც არა ამერიკის ბიუჯეტისთვის, არამედ უშუალოდ ტრამპთან დაკავშირებული სტრუქტურებისთვის. აგერ, ახლახანს "ოქროს ვიზების" თემა წამოსწიეს... მსგავსი ვიზის მისაღებად აშშ-ში ინვესტირება არაა საკმარისი - საჭიროა შესაბამის უწყებებში ყველა პროცედურის გავლა და ერთგვარი "განწმენდაც" - და სულაც არაა შემთხვევითი, რომ ტრამპმა ასეთ უწყებებში თავისი "კადრები" დანიშნა: ვფიქრობ, იქ "ოქროს ვიზის" მსურველებთან უკვე სულ სხვა მოცულობის თანხებზე იქნება საუბარი... თუმცა ამ კუთხითაც ტრამპის შესაძლებლობები უსაზღვრო არაა, არსებობს მბოჭავი ფაქტორები, მათ შორის - ისევ და ისევ, თავად რესპუბლიკელების დიდი ნაწილის პოზიცია".

ამ კონტექსტში კასპაროვი იმასაც აღნიშნავს, რომ სადღეისოდ ამერიკა "ფაქტობრივად, ორადაა გაყოფილი და ნაკლებ სავარაუდოა, რესპუბლიკელთა ისედაც არცთუ დიდმა უპირატესობამ მაინცდამაინც დიდხანს გასტანოს":

"ტრამპი, რომელიც "არნახულ მიღწევებზე" გვესაუბრება (და ზოგადადაც, კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნათქვამი სიცრუის რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა), ქვეყნის სათავეში ჯერ მხოლოდ თვენახევარი დაჰყო და უკვე მოასწრო, ამერიკა მოკავშირეებისგან ტოტალური იზოლაციის ზღვრამდე მიეყვანა. არადა, რა თქმა უნდა, მარტივია, კონგრესის წინაშე მუშტების ქნევით ემუქრო ევროპას, კანადას, მაგრამ იგივე კანადამ, მაგალითად, უკვე განაცხადა, რომ სარკისებრ საპასუხო ზომებს მიიღებს, ყველა გათვლა კი აჩვენებს, რომ კანადასა და მექსიკასთან სავაჭრო ომები ამერიკას შეიძლება, ძალიან ძალიან ძვირად დაუჯდეს და ამას საკუთარ თავზე, მათ შორის, ტრამპის ამომრჩევლებიც იგრძნობენ. ამასთანავე, ტრამპის ხმამაღალი დაპირებები ინფლაციისა და სასურსათო ფასების შემცირების შესახებ ჯერჯერობით ვერანაირად ვერ მატერიალიზდა - პირიქით, დაწყებულია ფასების კიდევ უფრო ზრდა, კანადასა და მექსიკასთან - ანუ პირველი სამეულის სავაჭრო პარტნიორებთან სატარიფო ომები კი გარდაუვალ ზიანს მოუტანს ამერიკის ეკონომიკას - რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო-აღმოსავლური შტატების კანადურ ელექტროენერგიაზე სრულ დამოკიდებულებაზე... ასე, რომ შიდა ფრონტზე მოსალოდნელი პრობლემების კონტურები უკვე იკვეთება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მართალია, ითვლება, რომ ამერიკის მოსახლეობა უფრო იზოლაციონისტურადაა განწყობილი და შიდა - ასე, ვთქვათ, სამომხმარებლო საკითხებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა დიდ ნაწილს ესმის, რომ შიდა და საგარეო თემები პირდაპირ კავშირშია, აბსოლუტურ უმრავლესობაში უკრაინის მხარდაჭერა კვლავინდებურად მაღალია, მათ შორის - თავად რესპუბლიკელებშიც და ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ეტაპზე ბოროტების ღერძის მხარეს გადასვლის იდეამ ფართო პოპულარობა მოიპოვოს. სადღეისოდ საინფორმაციო ნაკადი იმდენად მძლავრია, რომ ადამიანებს შესაძლოა, დრო სჭირდებოდათ ყველაფერის "გადასახარშად", პოზიციის ფორმირებისთვის, მაგრამ გავა გარკვეული დრო, თითოეული მოქალაქის თვითშეგნებაში ფორმირებას დაიწყებს ზოგადი სურათი იმისა, რაც დღეს სამყაროში ხდება და ვფიქრობ, 2-3 თვეში ამერიკელთა ტრამპისტ ნაწილშიც შესამჩნევ ცვლილებებს ვიხილავთ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები