26-02-2025 15:48:03 ანალიზი
შალვა ლომიძე
თადარიგის გენერალ - მაიორი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი
ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისი”-ს მრჩეველი
თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გეოპოლიტიკური გარემო და რეალობა ყოველდღიურად იცვლება, ხოლო საფრთხეები სულ უფრო მეტად კომპლექსური და არაპროგნოზირებადი ხდება, სადაზვერვო სამსახურები/ორგანიზაციები ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. ძლიერი და ქმედითი სადაზვერვო სამსახურები უზრუნველყოფენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობას, კომპეტენციის ფარგლებში ეფექტურად ახდენენ არსებულ და პოტენციურ საფრთხეებთან გამკლავებას.
სადაზვერვო სამსახურების ეფექტიანობა დამოკიდებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე, ოპერატიულ საქმიანობაზე, სხვადასხვა სახის ძალებსა და საშუალებებზე. ასევე, უმნიშვნელოვანესი მდგენელია სწორი ინსტიტუციური მოწყობა, მათი დამოუკიდებლობა და პირადი შემადგენლობისა თუ ხელმძღვანელი რგოლის პროფესიონალიზმი. აქვე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოქნილობა და სიტუაციასთან მყისიერი ადაპტაციის უნარი, რათა ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეებისა თუ რისკების გამოვლენა-აღკვეთა მოხდეს დროულად.
წლების მანძილზე ისმის კითხვა, როგორი სადაზვერვო სამსახურები უნდა გააჩნდეს საქართველოს, რათა მათ შეძლონ ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა, იზრუნონ სისტემის რეფორმირებასა და შესაძლებლობების ზრდაზე.
მსურს, შევეხო რამდენიმე ძირითად ასპექტს, რომელიც, ვფიქრობ, განაპირობებს ზემოაღნიშნული ამოცანის გადაწყვეტას. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ შევალ საკითხის სამართლებრივ განხილვაში, ვინაიდან სადაზვერვო სისტემაში შემავალი ორგანიზაციები სამართლებრივად გამართულად არიან წარმოდგენილნი. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად ქმედითნი არიან ისინი და რეალურად რა პრაქტიკა არსებობს.
სადაზვერვო სამსახურების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბიუროკრატია და ზედმეტი შუალედური რგოლებია. მკაცრად იერარქიული სტრუქტურა ხელს უშლის ეფექტურ კომუნიკაციას. ქართულ რეალობაში, ზედმეტი ბიუროკრატია იწვევს მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებას და რეალური ინფორმაციის “დამახინჯებას”.
სადაზვერვო სამსახურების სტრუქტურული მოწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, თავისუფალი ზედმეტი და უსარგებლო შუალედური რგოლებისგან, რათა კომუნიკაცია ზემდგომებსა და დაქვემდებარებულებს შორის იყოს პირდაპირი და მკაფიო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზვერვო სამსახურებში ისედაც ღრმად დანერგილი მკაცრად სუბორდინაციული სისტემა ართულებს კომუნიკაციას უშუალო შემსრულებლებთან და ქმნის დავალების სწორად და მკაფიოდ გადაცემის, ან მიღწეულ შედეგებზე ინფორმაციის მიღების პრობლემას. შესაბამისად, აუცილებელია სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული მართვა ემყარებოდეს უშუალო, მოქნილ და გამჭვირვალე საკომუნიკაციო არხებს.
სადაზვერვო სამსახურები არ უნდა იქცნენ პოლიტიკური პროცესის ნაწილად. ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებას განაპირობებს მისი დეპოლიტიზაცია. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სადაზვერვო სამსახურებს მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე უნდა განუსაზღვროს პრიორიტეტები და ამოცანები. ამასთანავე, სამსახურები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი ამოცანების გადაწყვეტის გზებისა და მექანიზმების განსაზღვრაში. დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა სამსახურებმა ფოკუსირება მოახდინონ რეალურ საფრთხეებზე. მნიშვნელოვანია, შესრულდეს რამდენიმე პირობა:
- სამსახურების შიდა პარტიულ, პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობა;
- პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირადი ინტერესებისგან დისტანცირება;
- აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სპეციალური სამსახურების ანგარიშვალდებულების ქმედითი მექანიზმის შექმნა;
- საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება;
- სხვადასხვა სახის გადაცდომებზე ობიექტური რეაგირება;
- დასაშვებ ფარგლებში სპეცსამსახურების საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველჰყობს სადაზვერვო სამსახურების ეფექტიან ფუნქციონირებას და ძირითად ამოცანებზე ასწორებს ფოკუსს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ აპოლიტიკური სამსახურები გაცილებით ქმედითნი არიან კრიტიკული სიტუაციების მართვაში, რადგან მათ გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს არა პოლიტიკური კონიუნქტურა, არამედ – ეროვნული ინტერესები.
აგენტურულ ოპერაციებზე ორიენტირებული საქმიანობა
სადაზვერვო სამსახურების მთავარი ხიბლი და ძალა ნაყოფიერი ოპერატიული მოქმედება და მოქნილობაა. დღევანდელ პირობებში ინფორმაციის დიდ ნაწილს სამსახურები არაკონფიდენციალური ან ტექნიკური რესურსებიდან იღებენ, მაგრამ აგენტურული (ადამიანური რესურსი) საქმიანობა რჩება გადამწყვეტ ფაქტორად.
აგენტურული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ამკვიდრებს განსხვავებულ ტრადიციას სამსახურებში და ქმნის ექსკლუზიურ შესაძლებლობებს. ასეთი საქმიანობა მოითხოვს თანამშრომლებში უნიკალური ცოდნის გამომუშავებას, ადამიანური და პროფესიული უნარების განვითარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ ვაკნინებ ინფორმაციის მიღების სხვადასხვა არხების (ტექნიკური რესურსები, ღია წყაროები) მნიშვნელობას, პირიქით, ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს ეს მიმართულებები. ამასთანავე მიმაჩნია, რომ სადაზვერვო სამსახურები დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდნენ აგენტურული ქსელის გაფართოებას. დაზვერვის უწყებებმა უნდა განავითარონ აგენტურული ქსელები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მრავალმხრივი, სანდო და სპეციფიკური წვდომა ინფორმაციასთან.
ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც სადაზვერვო ორგანიზაციები ფლობენ, მასშტაბურია. მთავარი გამოწვევაა, როგორ გამოვყოთ ღირებული ინფორმაცია უსარგებლოსგან ან როგორ მოვახდინოთ მისი დამუშავება მოკლე დროში. ამისთვის საჭიროა, მაღალი დონის ანალიტიკოსები/ექსპერტები, რომელთა პროფესიონალიზმი განსაზღვრავს სამსახურების მოკლევადიან და გრძელვადიან საინფორმაციო თუ ოპერატიულ პოლიტიკას, რისკებისა და გამოწვევების ადეკვატურ შეფასებას და სამომავლო სამოქმედო სტრატეგიას.
ინფორმაციის მომპოვებელსა და დამმუშავებელს შორის საქმიანი, ობიექტური და ჯანსაღი კომუნიკაცია უზრუნველჰყოფს პრობლემის სიცხადეს, განსაზღვრავს მისი გადაჭრის გზებს და ამოცანათა გადაწყვეტის რეალურ შესაძლებლობებს. პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოცანები უნდა ჩაიშალოს სამსახურების (სტრუქტურული ერთეულები) დონეზე და არსებული რესურსების გათვალისწინებით, სამსახურებმა უნდა შეძლონ რეალისტური მიზნების დასახვა, შესაძლებლობების მიზნობრივი გამოყენება, შედეგების დამუშავება და ახალი ამოცანების განსაზღვრა.
ამ პროცესში არსებითია საინფორმაციო-ანალიტიკური დანაყოფების ჩართულობა და დაუშვებელია მათი გადაქცევა სხვა დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის სტატიკურ აღმწერებად ან ვიზუალურ გამფორმებლებად. სამსახურებს უნდა ჰყავდეთ ანალიტიკოსები, რომლებიც შეძლებენ მონაცემთა სწორი კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის განხორციელებას. მათ, უნდა გააჩნდეთ კრიტიკული აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და შესაძლებლობა. ანალიტიკოსების როლი სადაზვერვო სამსახურების საქმიანობაში განუსაზღვრელია.
თანამედროვე ტექნოლოგიები ცხადია, ხელს უწყობენ სადაზვერვო სამსახურებში როგორც ოპერაციების ეფექტურობას, ასევე უსაფრთხოების დონის ზრდას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა განახორციელონ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია თავიანთ საქმიანობაში, რადგან მათ ძალუძთ შეცვალონ მუშაობის ფორმა. არ შევალ ინოვაციური ტექნოლოგიების დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვაში, თუმცა, ცალსახად ნათელია, რომ მათი პოტენციალის ათვისების გარეშე, დაზვერვის უწყებებს მომავალი არ და ვერ ექნებათ.
თანამედროვე რეალობაში სადაზვევრო ორგანიზაციების განვითარებისთვის აუცილებელია, მჭიდრო კავშირი სტრატეგიულ (და არა მხოლოდ) პარტნიორებთან. ეს გულისხმობს:
- გამოცდილების გაზიარებას;
- ინფორმაციის ურთიერთ გაცვლას;
- თანამედროვე სიახლეების დანერგვას;
- თანამშრომლების კვალიფიციურ მომზადებას;
- თანამედროვე გამოწვევებზე ერთობლივ რეაგირებას;
- ერთობლივი ოპერაციების განხორციელებას;
- სხვადასხვა სახის პროფესიულ პლატფორმებზე ურთიერთდახმარებას;
- სახელმწიფოთა სტრატეგიულ თანამშრომლობაში საკვანძო როლის შესრულებას და ხელშეწყობას.
ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გარეშე, შეუძლებელია სამსახურების განვითარება, ახალი სტანდარტების შექმნა როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონალურ დონეზე. მსგავს თანამშრომლობას მოჰყვება საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერება უსაფრთხოების სფეროში და მისი სტრატეგიული პოზიციების გამყარება. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ იზოლაციისკენ მიმავალ სადაზვერვო სისტემას, რომლის ქმედითუნარიანობა აუცილებლად შემცირდება დროთა განმავლობაში და ეტაპობრივად იქცევა სტაგნაციის მდგომარეობაში მყოფ “დახურულ ორგანიზაციად”. ამ მდგომარეობაში კი, სისტემა ორიენტირებული იქნება საკუთარი სუსტი მხარეების დაფარვასა და ქვეყნის შიგნით “პირობითი ძლევამოსილების” წარმოჩენაზე. შესაბამისად, დაზვერვის უწყებებმა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა უზრუნველყონ როგორც ეროვნული, ასევე კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება.
საქართველოს დაზვერვის უწყებები ვალდებულნი არიან, საზოგადოებას, დასაშვებ ფარგლებში, სხვადასხვა ფორმით გაუზიარონ ინფორმაცია მათი საქმიანობის, შედეგების, არსებული გამოწვევებისა და ინტერესის სფეროში შემავალი სხვა საკითხების ირგვლივ. აქ არ ვგულისხმობ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებული ვალდებულებების შესრულებას. საუბარია, სფეროთი დაინტერესებულ ჯგუფებზე და ამ ჯგუფების წარმომადგენლების ინფორმირებაზე ეროვნული დაზვერვის სამსახურების საქმიანობის შესახებ. ბუნებრივია, არ იგულისხმება სენსიტიურ თუ საიდუმლო ინფორმაციაზე საზოგადოების წვდომის ზრდა. ანგარიშვალდებულების პროცესი უზრუნველყოფს სამსახურების მიმართ არსებული ბუნდოვანების გაფანტვას, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების ზრდას, ხელს შეუწყობს მზვერავის პროფესიის პოპულარიზაციასა და ახალი კადრების მოზიდვას.
საყურადღებოა, რომ მსგავსი ფორმატი წარმოადგენს დასავლურ სტანდარტს და ზრდის სამსახურების ავტორიტეტს, რეპუტაციას, ნდობას და მოსახლეობაში ამაღლებს ცნობიერებას. ნების არსებობის შემთხვევაში, ამ საკითხის გადაწყვეტა მარტივად შესაძლებელია და ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს მსგავს დამოკიდებულებას მისი სადაზვერვო სამსახურების მხრიდან.
ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სადაზვერვო სამსახურების განვითარების ნაწილში, მისი საკადრო პოლიტიკაა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დაზვერვის სისტემისთვის საინტერესო და სასურველი კადრები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი საიდუმლო სამსახურებში მუშაობით. ამჟამად, ამის განმაპირობებელი მრავალი ფაქტორი არსებობს: სამუშაო პირობები, გარემო, სტრესი, გარკვეული შეზღუდვები, ანაზღაურება, სამსახურების ავტორიტეტი საზოგადოებაში, მათი როლი ქვეყნის განვითარებაში და სხვა მრავალი. მხოლოდ ქვეყნის სიყვარული ან პატროიტული განწყობები არ/ვერ არის საკმარისი, რომ მოხდეს ახალი კადრების დაინტერესება. სხვა ხელისშემწყობი ფაქტორების არსებობაც აუცილებელია.
სამწუხაროდ, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თაობათა ცვლა სამსახურებში მიმდინარეობს რთულად, იკვეთება აზრთა სხვადასხვაობა ინოვაციურ ხედვებსა და პროფესიულ გამოცდილებაში და საკითხი სამსახურების განვითარების ერთ-ერთ ხელისშემშლელ გარემოებად გვევლინება. სასურველია, სამსახურები იყვნენ პროგრესსა და განვითარებაზე ორიენტირებულნი, ერგებოდნენ რეალობას, უნდა არსებობდეს ჯანსაღი გარემო როგორც ადამიანური, ასევე, პროფესიული, კარიერული ზრდისთვის. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები ახალ კადრებში არ უნდა ხედავდნენ კონკურენტებს, პირიქით, ხელს უნდა უწყობდნენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, ეხმარებოდნენ პიროვნული თუ პროფესიული უნარების განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ თაობებს აერთიანებდეთ არა მხოლოდ გამოცდილება და ცოდნა, არამედ პროგრესული აზროვნება, ღირებულებები და ფასეულობები. სახელმწიფოც უნდა იყოს დაინტერესებული სადაზვერვო სისტემის მრავალმხრივი განვითარებით, საქმიანობის და პროფესიის პოპულარიზაციით. დაბალანსებული საკადრო პოლიტიკა, უზრუნველყოფს დაგროვილი ცოდნის შენარჩუნებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, სამსახურების კრეატიული და სტრატეგიული პოტენციალის ამაღლებას.
ყველა ზემოაღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, ქვეყნიასთვის ერთ მეტად მნიშველოვანს - ქართული სადაზვერვო სამსახურის იმიჯისა და მზვერავის საპატიო პროფესიის პოპულარიზაციას უნდა მოემსახუროს.