ევროკავშირის ოფისთან კობახიძესა და მელიას შორის დაპირისპირება მოხდა
23/09/2021 11:07:02 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ენმ–ისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტის მიზეზი დმანისში ოპოზიციონერების დაჭრასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის პოზიცია იყო. კერძოდ, კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ უკანასკნელი ინციდენტები ენმ–ის პროვოკაციაა, მათ შორის, დმანისში განვითარებული მოვლენები. მასთან მელია მივიდა და ჰკითხა, „მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენი მხარდამჭერები ჩვენ დავჭერით? უსინდისო ხარ!, შენ ამ ქვეყნის მტერი ხარ!“. გარდა ამისა, მელიამ არაეთიკური ლექსიკაც გამოიყენა. კობახიძემ მას უპასუხა, რომ „ნაძირალაა“. ოპზოიციონერებმა ერთმანეთისკენ ფიზიკურადაც გაიწიეს, თუმცა შუაში მედია და თანმხლები პირები იდგნენ, ამიტომ ერთმანეთს ფიზიკურად არ შეხებიან. საბოლოოდ კობახიძეს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა. მანქანაში ჩაჯდომისას კობახიძემ მელიას "პროვოკატორი, ხულიგანი და უინტელექტო" უწოდა.
"ბატონი კობახიძე რომ დგას და შავზე თეთრს საუბრობს, ვფიქრობ, რომ უკვე აღარ დარჩა უცხოელი მეგობარი, ვინც ამ ადამიანებს უჯერებს და გუშინდელი დღე იყო ამისი ნათელი დადასტურება. აშშ-ის საელჩოს განცხადება, კარლ ჰარცელის განცხადება, ამათი ელჩის დაბარება ბრიუსელში, რაზე მეტყველებდა? ეს შემთხვევით არ გაკეთებულა. როგორც წესი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები მაქსიმალურად თავს იკავებენ ასეთი განცხადებებისგან უბრალოდ ისინი იძულებული გახადა ამ ბატონმა, ივანიშვილმა, ღარიბაშვილმა და კალაძემ, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ, რითიც მხარი დაუჭირეს ქართველ ხალხს",– განაცხადა მელიამ ინციდენტის შემდეგ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა. ოფისთან მისული იყო ნიკა მელიაც, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ისიც უნდა შეხვდეს.
ფოტო "ფორმულა"


