რუსეთის ახალი სადეზინფორმაციო შემოტევა: "საქართველოს ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი აქვს დაკარგული"

23-09-2021 15:18:44

"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელ ანა პოპოვას მტკიცებით, თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ე.წ. ლუგარის ლაბორატორია) "რუსეთისთვის ძალზე დიდ რისკებს ქმნის".

«პირველ რიგში, ეს სულ ახლოსაა ჩვენთან; მეორეც - ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც, ჩემი ხედვით, ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური სუვერენიტეტი აქვს დაკარგული. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მაღალ რისკებს ქმნის ჩვენთვის», ­– განაცხადა პოპოვამ რუსულ ტელეარხ НТВ-ს ეთერში.

საქართველოზე სადეზინფორმაციო შემოტევის ახალი ტალღა და კრემლის მორიგი "ოქროს რესპონდენტი"

ბოლო დღეებში ერთდროულად რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ მოამზადა სიუჟეტები და რეპორტაჟები ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე.

მასთან დაკავშირებული ტრადიციული სადეზინფორმაციო კამპანიის ახალ ტალღას სტარტი გამოცემა «Свободная пресса»-მ მისცა 13 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიით «В тбилисском Центре Лугара намечается что-то жуткое: Ждет ли нас пандемия гепатита С?» ("თბილისის ლუგარის ცენტრში რაღაც საშინელი მზადდება: გველის თუ არა ჰეპატიტ C-ს პანდემია?"). პუბლიკაცია აგებულია 2020 წლის ასეთივე სადეზინფორმაციო მასალებზე, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაზე კრემლის იმდროინდელი საინფორმაციო შემოტევის ფარგლებში რუსულ მედიაშივე იყო გამოქვეყნებული. მაშინ ავტორები $ 161 მლნ-ის ღირებულების რაღაც პროგრამის ვითომდა "გამოჟონილ საიდუმლო მასალებს" ეყრდნობოდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ С ჰეპატიტის კონტექსტში საქართველო "ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა».

17 სექტემბერს იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორია "საშიშია მთელი მსოფლიოსთვის", თავის მაყურებელს რუსულმა РЕН ТВ-მ აცნობა. ტელეარხმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ჯეფრი სილვერმანთან, რომელსაც რუსული მედია "ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩევლად, ამჟამად სოფელ დავითიანში მცხოვრებ ამერიკელად" წარგვიდგენს.

  • უნდა აღინიშნოს, რომ სილვერმანი უკვე რამდენიმე წელია, რუსული სადეზინფორმაციო მედიასაშუალებების ხშირი რესპონდენტია. სადეზინფორმაციო შეტევების ორგანიზატორთათვის მის "ფასეულობას" განსაზღვრავს სილვერმანის ფეიქ-მტკიცება, თითქოს "საქართველოში ადამიანებზე, მათ შორის სამხედროებზე ექსპერიმენტები ტარდება".

17 სექტემბერსვე სილვერმანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა რუსულმა "მეხუთე არხმა ("Пятый канал"). კომენტარში საუბარი იყო იმაზე, თითქოს საქართველოში «ექსპერიმენტული წამლის მიღების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა".

18 სექტებერს სილვერმანი გამოჩნდა НТВ-ს სიუჟეტში სახელწოდებით «ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები პენტაგონის ექსპერიმენტებისთვის პოლიგონად იქცნენ». ამერიკელი რესპონდენტი სიუჟეტში აცხადებს, რომ «მთელი საქართველო პენტაგონის ერთი დიდი ლაბორატორიაა».

იმნაძის "პასუხი ჩემბერლენს"

НТВ-ს ჟურნალისტი ესაუბრა ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, რომელმაც სილვერმანის განცხადებები კატეგორიულად უარყო და სიუჟეტის ავტორი, მისდა გასაკვირად, ლუგარის ლაბორატორიის დასათვალიერებლად მიიწვია - "ყველაფრის საკუთარი თვალით სანახავად".

საქართველოს ხელისუფლებას რუსი სპეციალისტები, ჩინოსნები და ჟურნალისტები კვლევითი ცენტრის მუშაობის გასაცნობად წარსულშიც არაერთგზის მოუწვევია. მოწვევა ძალაშია ახლაც.

კიბერომი

2020 წლის 3 სექტემბერს საქართველოს შსს-ში გაკეთდა განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაზე კიბერშეტევის შესახებ.

როგორც სამინისტრო იუწყებოდა, 1 სექტემბერს ჰაკერებმა სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის მოპოვება სცადეს, მათ შორის - თბილისის ლუგარის ლაბორატორიის ბაზებიდან.

რა რეალური მიზანი ამოძრავებს კრემლს

ლუგარის ლაბორატორიაში "ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების" შესახებ სადეზინფორმაციო კამპანია რუსეთში (და მისი ორგანიზებით საქართველოშიც) მისი გახსნის დღიდან - 2011 წლიდან წარმოებს, მისი ტალღები პერიოდულად გორდება, შემდეგ ცხრება და გარკვეული დროის შემდეგ ისევ ჩნდება. პერიოდულად ვრცელდება დეზინფორმაციები კვლევით ცენტრში "საშიში ვირუსების შტამების გამოყვანის" თაობაზე და სხვა მსგავსი ფეიქ-სიახლეები, შემდეგ კი ამ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ რუსეთის ხელისუფლებისა და მათ კვალდაკვალ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მმართველი რეჟიმების წარმომადგენლებიც.

ხანდახან საქმე სრულ აბსურდამდე მიდის და კრემლი საკუთარ სიცრუეში როგორც საღი აზრის, ისე ცინიზმის ყოველგვარ ზღვარს სცდება. ასე, მაგალითად, 2018 წელს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სწორედ ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა ის, რაშიც მთელი ცივილიზებული მსოფლიო სრულიად დასაბუთებულად, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით ბრალს სდებს პუტინის რეჟიმს - კერძოდ, ბრიტანეთში სკრიპალების გამიზნულ მოწამლვაში.

ცხადია, ეს ყველაფერი სრული სიცრუეა, თანაც გამიზნული სიცრუე - საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის ნაწილი.

ანალიტიკოსებისთვის კრემლის მსგავსი მოქმედების მიზანიცა და ტაქტიკაც ნათელია. "რუსეთის ეს კამპანია ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება: 1) კრემლი ცდილობს, ქართული საზოგადოება ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ განაწყოს: იდეა იმაში მდგომარეობს, თითქოს დასავლეთი, საქართველოსთან სრულფასოვანი პარტნიორობის ნაცვლად, ჩვენს ქვეყანას საკუთარ მიზნებში უწევდეს ექსპლუატაციას; 2) მიზანს წარმოადგენს ასევე ქართული საზოგადოების დემორალიზება: დასავლეთთან თანამშრომლობით ქვეყნის მიერ წარმატებული მომავლის მშენებლობის რწმენის შერყევა; 3) თავად რუსეთის მოსახლეობაში საქართველოსა და დასავლეთისგან მტრის ხატების შექმნა კრემლის სამომავლო მოქმედებების "გასამართლებლად" - განმარტავს უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე და იქვე დასძენს, რომ ამ უკანასკნელს ემსახურება თბილისის მიმართ მოსკოვის კიდევ ერთი ცრუ ბრალდება - ვითომდა ტერორისტების მფარველობის თაობაზე, რაც ასევე სრული სიცრუეა და აბსურდი.

ლუგარის ლაბორატორია: რეალობა

რუსული სადეზინფორმაციო ნარატივების გასაბათილებლად ქართულ და დასავლურ მედიაში არაერთგზის მომზადდა სტატიები, რადიო- და ტელესიუჟეტები, მათ შორის - რუსულენოვანიც:

2018 წლის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლუგარის ლაბორატორიას მსოფლიოს 17 ქვეყნის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ ლუგარის ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით მოქმედებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები