კობახიძე ირწმუნება, რომ ევროკავშირის ელჩთან "მოსმენებზე" არ უსაუბრიათ
23/09/2021 11:16:06 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არ უსაუბრიათ ე.წ. მოსმენებზე.
"საქმე ეხებოდა სუფთად საარჩევნო გარემოს. რაც შეეხება, ჩანაწერების თემას, ბუნებრივია, ამაზე საუბარი არ ყოფილა... რომ დასმულიყო საკითხი ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთა, ვინც აწვდის ამას ტელევიზიებს და მერე აქვეყენებს. ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.
ამ საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი და თქვა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს.
"თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას ჩვენ სერიოზულად ვიღებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს კითხვებს აჩენს, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება. ეს არ არის ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულება არის ახლო მეგობრის და პარტნიორის მხრიდან. საქართველოს ელჩი ევროკავშირში გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელში ჩვენს სათავო ოფისში იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილი გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი", - განაცხადა ჰარცელმა.


