გახარია: „კალაძე აღარ არის საინტერესო“
23/09/2021 17:52:52 პოლიტიკა
ექს–პრემიერი, პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ პირველი არხის ეთერში გამართული დებატების შემდეგ კახა კალაძე მისთვის საინტერესო აღარ არის.
„ამ დებატების და პასუხების შემედეგ კალაძე აღარ არის საინტერესო. მე რაც მაინტერესებდა, ის პასუხები მივიღე...ვინც მე ეს [„კოკაინშიკი“] დამიძახა, მათი სიტყვის ფასი მაშინაც ნული იყო და დღესაც ასეა. ვისი სიტყვის ფასიც არ იყო ნული, იმას ვკითხე, მიპასუხა, უკვე ეგეც აღარ არის ჩემთვის საინტერესო, გადავფურცლეთ“,– განაცხადა გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
ამასთან, იგი ამბობს, რომ კალაძესთან თბილისის მერიაში შეხვედრას არ ნანობს:
„რომ მივედი, ეს სწორი იყო. ვინანე ის, რომ მეგონა, რატომ მივედი, იმას მიხვდებოდა. ვერ მიხვდა და ამაზე ვინანე. გადავფურცლეთ ეს ფურცელი. მე ვმოქმედებ იმ გეგმის მიხედით, რომელიც უფრო გრძელვადიანია. მე არ მაინტერესებს ამ კონკრეტულ თემებზე საუბარი“.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს გიორგი გახარია მერობის კანდიდატების დებატებისას დაინტერესდა ყოფილ თანაგუნდელ კახა კალაძის აზრით, იზიარებს თუ არა პირადად ის გახარიას მიმართ ყოფილი თანაპარტიელების ბრალდებებს.
„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს (ნარკომანობა, სააკაშვილთან კავშირები...) კონკრეტულად შენ – კახა კალაძე იზიარებ?“,– ჰკითხა გახარიამ კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რაზეც კალაძემ უპასუხა: „მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია“.
რაც შეეხება ენმ–თან კავშირის შესახებ ბრალდებებს, კალაძემ განაცხადა, რომ გახარიას გადაწყვეტილება "არ მოეწონა, თუმცა შინაარსში შესვლა არ სურს, რადგან ჯერ კაცია და მხოლოდ შემდეგ – პოლიტიკოსი“:
„რაც შეეხება შენს საქციელს, პირდაპირ ეთერში ვთქვი, შენც გითხარი, არ დავმალავ, არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. არ შევალ შინაარსში, არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როდესაც კითხვა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისმება. პირველ რიგში, მე ვარ კაცი და მერე – პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ ამ დისკუსიაში შემოსვლა არ მინდა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ“.
როგორც ცნობილია, გახარია საკუთარი კანდიდატურის დაყენებამდე კალაძეს შეხვდა. შეხვედრა ორივე მხარემ დაადასტურა.


