გახარია: "თუ ვიღაცა ვიღაცას ლოგინში უსმენდა, არასდროს მაინტერესებდა"
23/09/2021 20:04:00 პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ პრემიერობის დროს მოსმენებზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა ეს სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარეობდა.
როგორც მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე და ახლა მისი თანაგუნდელი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მოსმენების კურატორი არ ყოფილა.
"მოსმენებს რაც შეეხება, მე გარკვეული წილი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ყველა ის ინფორმაცია რაც მე მქონდა და ვიცოდი გამომდინარეობდა სახელმწიფოს ინტერესიდან და იქ თუ ვიღაცა ვიღაცას ლოგინში უსმენდა არასდროს მაინტერესებდა და ჩემი ინტერესის სფერო არ ყოფილა არასდროს. თუ ვიღაცის ინტერესის სფერო იყო, წავიდეს და მან აგოს პასუხი", - თქვა გახარიამ.
12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.


