კრამერი: „იძულებულნი გავხდებით, პერსონალური სანქციები დავაწესოთ"
24/09/2021 07:08:45 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის შეფასებით, "ქართული ოცნება" ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და ქმნის გარემოს, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის პრობლემური იქნება.
როგორც კრამერმა მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინ–დისკუსიაზე განაცხადა, „ოცნების“ ლიდერები ასე გააგრძელებენ, აშშ იძულებული გახდება, პერსონალური სანქციები დააწესოს.
"საქართველო არის განვითარების კრიტიკულ წერტილში. ძალიან მაწუხებს ის, თუ საით მიემართება ქვეყანა „ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობისა და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა დმანისსა და რუსთავში, როგორც ჩანს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები. ასევე, ისაუბრა ოპოზიციის მიმართ ზეწოლის და დაშინების შესახებ მრავალ ცნობაზე. ჩემთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და ქმნის გარემოს, რომელიც პრობლემატური იქნება ამ არჩევნებზე [...]
საქართველო დგას რისკის წინაშე, სერიოზულად დაზიანდეს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. მინდა, გავაფრთხილო ისინი, ვინც ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები სანქციებს არ დაუწესებთ, ფრთხილად იყავით, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ თუ ახლანდელი ლიდერები გააგრძელებენ ამ გზაზე სიარულს, ჩვენ იძულებული გავხდებით, გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი და დავაწესოთ პერსონალური სანქციები", - ამბობს კრამერი.


