Accentnews.ge
ღარიბაშვილი: „ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი“

ღარიბაშვილი: „ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი“

27/09/2021 08:28:01 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთის მხრივ, აცხადებს, რომ კონკრეტული პირის ნარკოდამოკიდებულება საზოგადოებას არ აინტერესებს, მეორეს მხრივ, ამბობს, რომ ვისაც ნარკოდამოკიდებულებას აბრალებენ, მან უნდა დაამტკიცოს ბრალდების უსაფუძვლობა.

„არ არის საინტერესო, ნამდვილად არ არის საინტერესო. ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: 17 სექტმბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“.

18 სექტემბერს პარტიამ „საქართველოსთვის" გახარიას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გახარიას ექსპერტიზა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს ჩაუტარდა:

„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი".

22 სექტემბერს გიორგი გახარია მერობის კანდიდატების დებატებისას დაინტერესდა ყოფილ თანაგუნდელ კახა კალაძის აზრით, იზიარებს თუ არა პირადად ის გახარიას მიმართ ყოფილი თანაპარტიელების ბრალდებებს.

„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს (ნარკომანობა, სააკაშვილთან კავშირები...) კონკრეტულად შენ – კახა კალაძე იზიარებ?“,– ჰკითხა გახარიამ კალაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რაზეც კალაძემ უპასუხა: „მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია“.

მომდევნო დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ კი არ აბრალებს, ფაქტზე საუბრობს და რომ გახარიას ნარკოტიკი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ქალმა გაასინჯა, რომელიც ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ თბლისის საკრებულოს კანდიდატთა სიაშია.

საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S