გახარია პროკურატურას კობახიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
27/09/2021 10:36:04 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მისი ყოფილი თანაპარტიელისა და მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მის "კოკაინშიკობას" შეეხებოდა. ამ მოთხოვნით გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრებმა განცხადება პროკურატურაში შეიტანეს.
"ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულია ასევე ნარკოტიკების შეძენა და გასაღება... ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა დანაშაულის შესახებ, რასაც შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია", –წერია განცხადებაში.
პარტია მოითხოვს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე;
- გამოჰკითხოთ ირაკლი კობახიძე;
- ჩაატაროთ დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენოთ ცრუ დასმენაზე ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობლობის საკითხი.
პარტია "საქართველოსთვის" პროკურატურას ახსენებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლითაც გამოძიების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა.
აქვე მოყვანილია ირაკლი კობახიძის ყველა ის განცხადება, რომელიც გიორგი გახარიას ნარკოტიკულ საშუალება "კოკაინზე" დამოკიდებულებას შეეხებოდა.
მაგალითად, 2021 წლის 16 სექტემბერს კობახიძემ გახარიასთან დაკავშირებით თქვა, რომ "სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც კოკაინშიკზე დავხარჯოთ 15 წუთი"; 2021 წლის 24 სექტემბერს კობახიძემ მედიასაშუალებებთან კვლავ ისაუბრა გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე და თქვა, რომ "კოკაინი" მას პირველად თანაპარტიელმა გაასინჯა.


