კახაძე: „მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენჯერაც მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია“
27/09/2021 14:03:47 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” წევრი,პარალამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე ფარულ მიყურადებას ექიმის მიერ მუცლადმყოფი ბავშვის გულისცემის მოსმენას ადარებს და ამბობს, რომ სუს-ს ადამიანების მოსასმენად ნებართვა არ სჭირდება.
“კაცობრიობა ვცდილობთ ყოველთვის მოვუსმინოთ დედამიწის ქერქს, კრატერებს, ვულკანებს, კოსმოსს, რომ საფრთხე ავიცილოთ. უსაფრთხოება ნიშნავს საფრთხის აცილებას. მოვისმინოთ რას ნიშნავს… ახლა მე მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენჯერაც მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია. იმას რამე უბედურება თუ სჭირს მე უნდა მივეხმარო. [...] უსაფრთხოება ნიშნავს ათი ყური, ათი თვალი, შემეცნება, ტელევიზია… ოღონდ მიღებული მონაცემები არც პოპულარიზაციის, არც საზოგადოების, ინდივიდის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენო. მის დასაცავად უნდა გამოიყენო”, – განაცხადა კახაძემ Georgian Times-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.


