„მარკირების მოცილების გაკვეთილებს ატარებენ“ – დიღომში, საარჩევნო უბნებზე ხმაური იყო
27/09/2021 15:50:08 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე #52 და #76-ე საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე არჩევნებამდე 5 დღით ადრე მიიტანეს და „მარკირების ვაზელინით მოცილების პრაქტიკული გაკვეთილებს“ ატარებდნენ. ზვიად კუპრავა მოითხოვდა, მისთვის ეჩვენებინათ მარკირების სითხე.
„როგორ იცილებენ მარკირების სითხეს? „კარუსელის“ მონაწილე, რომელიც გასაყალბებლად მიდის უბანზე, წინასწარ ცერა თითს იმუშავებს გამჭირვალე ვაზელინით ან მისი გაუმჯობესებული ვარიანტით, შესაბამისად, კარუსელის მონაწილეს მარკირება ესხმება ვაზელინზე და არა თითზე. უბნიდან გამოსვლის შემდეგ ვაზელინი იბანება ჩვეულებრივად და მას უკვალოდ მიჰყვება მარკირება. შესაბამისად, გამყალბებელი მზად არის შევიდეს მომდევნო უბანზე“,– განმარტავს მექანიზმს კუპრავა.
ადგილზე მივიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
საკითხზე ბრიფინგი გამართა ცესკო-ს სპიკერმა:
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მივიდა საბურთალოს ოლქის თავმჯდომარე და აუხსნა, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიაში ინვენტარი და მათ შორის მარკირების სითხე კანონით გათვალისწინებულ ვადებში იყო საჭირო რაოდენობით მიტანილი, პარტიის წარმომადგენელი კვლავ აგრძელებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რის გამოც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოუხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება“.
რაც შეეხება მარკირების სითხეს, ცესკო-ს განმარტებით, „კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად. საარჩევნო უბნისთვის გადასაცემად ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის, მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები დ ა.შ.“
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.


