"ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია"
28/09/2021 07:23:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ “კვირის ჟურნალთან” (JDD) ექსკლუზიური ინტერვიუში საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს.
კითხვაზე, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
“მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია”.
საქართველოს პრეზიდენტი გამომცემლობასთან ქვეყნის პერსპექტივების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.
„საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. ამ ინტეგრაციის თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ნატო–ში ინტეგრაცია, პარალელურად მიმდინარეობს და “გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია”:
"ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია ნატოსთან ერთად წვრთნები გვაქვს. საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: - ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პოზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი“.
რუსეთთან ურთიერთობა კი ზურაბიშვილმა “სრულიად გაყინულად” შეაფასა.
„არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცეა საჭიროა, რათა პატივი გცენ.
„თუმცა, საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლია ევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


