"იმდენად აღარ ენდობიან ზურაბიშვილს, რომ პროკურორებს სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმეების ფარგლებში სასწრაფოდ ნიადაგის მომზადება დაავალეს"
28/09/2021 17:50:24 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, პროკურატურა სააკაშვილზე სისხლის სამართლის ახალ საქმეებს ამზადებს.
“სანდო წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას გაგანდობთ. იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს], რომ პროკურატურაში რამდენიმე ტოპ პროკურორს დაავალეს, სისხლის სამართლის ახალი საქმეების ფარგლებში სასწრაფოდ ნიადაგის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა”, – აცხადებს მელია.
"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, "ელოდებით, რომ სააკაშვილი ციხეში წავა და ზურაბიშვილი შეიწყალებს?", მელიამ შემდეგი განაცხადა:
“დიახაც, იმდენად არ ენდობიან. არ ვიცი რას აპირებს ქალბატონი სალომე, მაგრამ ფაქტია, როდესაც ეს აწუხებს “ქართულ ოცნებას”, ჩემი აზრით, ბევრ რამეზე მეტყველებს”.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან.


