"როგორც კი „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები, ხაზარაძე და ა.შ. გავლენ პარლამენტიდან, ქვეყანა დამშვიდდება"
29/09/2021 05:00:53 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "როგორც კი „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები, ხაზარაძე და ა.შ. გავლენ პარლამენტიდან, ქვეყანა დამშვიდდება".
"იდეალური იქნება, თუ პარლამენტიდან გავლენ. სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, „ნაცმოძრაობა“ გადის თავის დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ. თუმცა იქ რჩებიან სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და, ვფიქრობ, მზარდი პარტიები არიან და პოტენციალი აქვთ, რომ ძლიერ, ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ. როგორც კი ყველა ეს დესტრუქციული ძალა გავა პარლამენტიდან, სამი თვის განმავლობაში მათი სრული მარგინალიზება მოხდება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ. პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება და გარწმუნებთ, რომ არავითარი რყევა არ მოხდება ქვეყანაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას ენმ და “ლელო” განიხილავენ:
“მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება. 1% იყო ზღვარი, 9 პარტიამ გადალახა. შესაბამისად, ამ ლიდერებმა, ყველამ პატივი უნდა სცენ საკუთარი ამომრჩევლის ნებას. თუ ამის შემდეგ ეს ადამიანები დატოვებენ პარლამენტს, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია".


