"ქართველმა პოლიტიკოსებმა თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა დადონ პირობა, რომ თუ ODIHR შედეგებს აღიარებს, თავადაც აღიარებენ"
29/09/2021 05:51:05 პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრის მარინა კალიურანდის განცხადებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა დადონ პირობა, რომ თუ ODIHR შედეგებს აღიარებს, თავადაც იმავეს გააკეთებენ.
როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, "წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია. თუმცა საქართველო ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია".
"პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მე ვუსმენ „ქართულ ოცნებას“ და ისინი ოპოზიციას სდებენ ბრალს, ვუსმენ ნაციონალურ მოძრაობას და ისინი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. მე, როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი, ვამბობს, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს. გთხოვთ, დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ ODIHR–ის დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სტაბილურობა საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დღევანდელის ნაცვლად ხვალინდელ დღეზე იფიქრონ, სახელმწიფოებრივად მოიქცნენ და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე დადონ", – განაცხადა კალიურანდმა.


