"სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს"
29/09/2021 09:30:16 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ არსებობს.
მან ექს–პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე ისაუბრა:
"სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს სამი წელი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი წელი. გარდა ამისა, ორი საქმე, 8 000 000 ლარის გაფლანგვისა და ე.წ. „ტელეიმედის“ საქმე არის განხილვის პროცესში. სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები ეყრდნობა როგორც საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში და რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც. [...] ეს არის არა მხოლოდ სამართლებრივი განაჩენი, ეს არის მათ შორის, სააკაშვილის პოლიტიკური განაჩენის საფუძველიც. აქედან გამომდიარე, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება”.
ამასთან, მან არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ საქმეებს ამზადებს:
“რა საჭიროა ახალი საქმე, ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა. 8 მილიონის გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდათ, პიჯაკების საქმედ შეფუთონ და “ტვ იმედის” საქმეზე განაჩენი არ არის დამდგარი”.


